ვარცანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარცანა, გეოგრაფიული პუნქტი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ჰერეთის ტერიტორიაზე, მდ. ვეძისხევის ხეობაში, სოფ. შილდიდან 4–5 კმ-ზე (ყვარლის მუნიციპალიტეტი). ადგილ. მაცხოვრებლები მას “ბარცანასაც” უწოდებენ. ვ-ის მახლობლად იყო სამონასტრო კომპლექსი, რ-ისგანაც შემორჩენილია IX ს. ღვთისმშობლის ტაძარი. იგი აშენებულია ჰერეთის სამთავროს პოლიტ. ძლიერებისა და კულტ. აყვავების პერიოდში (VIII–IX სს.). XIV–XVI სს. ისტ. საბუთების მიხედვით ვ-ის ღვთისმშობლის მონასტერი მცხეთის საკათოლიკოსო კათედრის კუთვნილება იყო. ვ-ის ეკლესია წარმოადგენს გუმბათოვან, გეგმით მართკუთხა ნაგებობას. ძეგლი ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები შირიმის ქვისაა. შირიმითაა აგრეთვე ამოყვანილი ნაგებობის კუთხეები. ფასადები სადა იყო. ძეგლს ეტყობა გვიანდელი შეკეთების კვალი. 1985–87 ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. წყარო: კაკაბაძე ს., ისტორიული საბუთები, წგ. 2, ტფ., 1913; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897. ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1I, თბ., 2013; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. თ. პაპუაშვილი. შ. საღარაძე.