ვარძიის მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ვარძია. ღვთისმშობლის ეკლესია.png


ვარძიის მონასტერი, შუა და გვიანდ. ფეოდალური ხანის მონასტერი ზემო იმერეთის სოფ. ვარძიაში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), მდებარეობდა მდ. ვარძეულის (მდ. ბორიმელის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. დღეისათვის შემორჩენილია მონასტრის მთავარი ეკლესია და სამრეკლო. ვ. მ. თავდაპირველად დაარსდა როგორც ვარძიის ცნობილი მონასტრის მეტოქი (ფილიალი). გადმოცემით, იგი თამარ მეფემ ააშენა მესხეთის ვარძიის მონასტრიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ვ. მ. წყაროებში XVII ს. 50-იანი წლებიდანაა დამოწმებული. 1777 ვ. მ. არქიმანდრიტ ნიკოლოზ ყიფიანის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გადაკეთდა, რასაც მოწმობს ამ მონასტრის ლაპიდარული წარწერა. 1783 იმერეთის მეფე სოლომონ I-მა “პირობითი წერილით” ვ. მ. უძრავ-მოძრავი ქონებით კუნძულ კვიპროსზე მდებარე წმ. კიკოს მონასტერს გადასცა, ეს “პირობითი წერილი” შემდეგ განაახლა სოლომონ II-მ. წერილობით გადაცემული ვ. მ-ის მთელი ფულადი შემოსავალი კიკოს მონასტერს ეგზავნებოდა, ხოლო ნატურით აღებული გადასახადი ვ. მ-ს ხმარდებოდა. XVIII ს. 80-იანი წლებიდან XX ს. 10-იანი წწ. ბოლომდე მონასტრის წინამძღვრები იყვნენ კიკოს მონასტრიდან გამოგზავნილი ბერძენი ბერები. ფულადი გადასახადის გაზრდის მიზნით ისინი მონასტერზე მიწერილ გლეხებს აზატებად აქცევდნენ. XVIII ს. 80-იანი წწ. ბოლოს იმერეთის სამეფოში მიმდინარე დინასტიური ომის დროს მონასტერი დაწვეს (1790) და საეკლ. მოწყობილობა იავარყვეს, მაგრამ სამეფო ხელისუფლების ხელშეწყობით მონასტერი მალე აღდგა. აქ გადაიწერა ქართ.-თურქ. ლექსიკონი, რ-ის ერთ-ერთ მინაწერში მოთხრობილია გიქოს (კიკოს) მონასტრის საქართველოში დამკვიდრების ისტო-რია. XIX ს-ში ვ. მ-ს დიდძალი ყმა-მამული გააჩნდა. 1873 რუს. ხელისუფლებამ მონასტერს კუთვნილი ყმა-მამული ჩამოართვა, მაგრამ 1884 კვლავ დაუბრუნა. ვ. მ. ბერძნების ხელში იყო XX ს. 10-იან წწ-მდე. XIX ს. დასაწყისში მონასტერი სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა და წირვა-ლოცვა XX ს. 40-იან წწ-მდე მიმდინარეობდა; იმავე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღდგა. 2014-თვის ეკლესია მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ეკუთვნის. ლიტ.: ბუბულაშვილი ე., ზემო იმერეთის ვარძიის ღვთისმშობლის მონასტრისა და კვიპროსის წმ. კიკოს მონასტრის ურთიერთობის ისტორიიდან, «არისტოტელეს სახ. ბერძნულ-ქართული უნივერ-სიტეტის შრომები», ტ. 1, თბ., 1993; ცქიტიშვილი გ., წარწერა იმერეთის სოფ. ვარძიის მონასტრის სამრეკლოზე, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31. ე. ბუბულაშვილი.