ვარხანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარხანი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში, მდ. ოცხის (აბასთუმნისწყალი; ქვაბლიანის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, ახალციხე – ბაღდათის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., აბასთუმანი, საღრძე, ფარეხა, ქიქინეთი, წახანი, წახანწყარო, ხარჯამი). ზ. დ. 1130 , ადიგენიდან 16 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 814 მცხ. (2002). “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ოსმ. მიერ დაპყრობილი სამცხის სოფ. ვ. შედიოდა ახალციხის ლივის ალთუნკალეს ნაჰიეში, სადაც ცხოვრობდა 25 კომლი ქართველი (როსება ანანიასძე, ივანე აბასძე, გიორგი გულიასძე, იორდანე ონანისძე, ვარმელ ნურალისძე, ბადურა აბრმასძე, იასონ სოლომანისძე, ბასილ პაპასძე, ენუქა გულასძე და სხვ.). ისინი მისდევდნენ მემინდვრეობას (ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი), მებოსტნეობას, მესაქონლეობას (ცხვარი, ღორი) და შეწერილი ჰქონდათ გადასახადი 14000 ახჩა. 1870 ვ-ში 52 კომლი იყო. 1944 იქაური მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს, აქ კი მოსახლეობა იმერეთიდან გადმოიყვანეს. ვ-ში ეკლესიის კვალი არ ჩანს, შემორჩენილია XIX ს-ში აგებული ჯამე. ლიტ.: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58. დ. ბერძენიშვილი.