ვასალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასალიტეტი (ფრანგ. vassalité < vassal, გვიანდ. ლათ. vassallus< vassus – მსახური), პირადი დამოკიდებულების სისტემა წვრილი ფეოდალებისა (ვასალებისა) დიდ ფეოდალებზე (სენ-იორებზე) შუა საუკუნეებში. საქართველოში თავდაპირველად ვ-ის შესატყვისი ტერმინები იყო “უფალ-მონობა” (X ს-მდე), ხოლო შემდეგ “პატრონყმობა”, “ბატონყმობა” (X–XVIII სს-ში). “უფალი” (მამფალი, ე. ი. მამაკაცი უფალი) აღნიშნავდა სენიორს, “მონა” (ძვ. სპარს.) – ვასალს. X ს-იდან უფალი შეცვალა პატრონმა (ლათ.), ხოლო მონა – ყმამ (სიტყვიდან ყრმა – ყმაწვილი). XV ს-იდან გვხვდება პატრონიდან ნაწარმოები ტერმინი ბატონი (შუალედური ტერმინები პატრონსა და ბატონს შორის იყო პატონი და ბატრონი). ამრიგად, ვასალიტეტის აღსანიშნავად XV ს-იდან ბატონყმობის პარალელურად იხმარება ტერმინი ბატონყმობა. XVIII ს. ბოლომდე მაინც გაბატონებულია “პატრონი”, “ბატონი” შედარებით იშვიათად იხმარება. უმაღლეს სენიორს – სიუზერენს ეწოდებოდა მეფე (უფალი, მეუფე და მეფე საერთო ძირიდან ნაწარმოები ტერმინებია). სენიორალური უფლებების აღმნიშვნელი ტერმინები იყო: უფლება||უფლობა||ფლობა, მეუფება, მეფობა, პატრონობა||ბატონობა. ვასალურ ვალდებულებებს აღნიშნავდა ტერმინები: მონება, სამსახური, ყმობა (აქედან ყველაზე უფრო გავრცელებული იყო სამსახური). გვხვდება აგრეთვე სენიორისა და ვასალის აღმნიშვნელი კერძო ხასიათის ტერმინები: გამზრდელი (სენიორი) – გაზრდილი (ვასალი); მამა-მძუძე (სენიორი) – ძუძეული, ძუძუმტე (ვასალი); საკუთარი (მაღალი კატეგორიის ვასალი); წული (ვასალი), სეფეწული (სამეფო ვასალი); წინაშემდგომელი (ვასალი); მსახური (დაბალი კატეგორიის ვასალი, შემდეგში ყმა-გლეხთა წოდების ერთ-ერთი კატეგორია); კაცი (დაბალი კატეგორიის ვასალი; შემდეგში ყმა-გლეხის სინონიმი); მოკიდებული (ვასალი). ეკლესიაც ფეოდ. ორგანიზაცია იყო და მასაც ჰყავდა თავისი ვასალი ფეოდალები. იქ ვასალის აღმ-ნიშვნელი ტერმინი იყო “შვილი”, ხოლო სენიორისა “მამა”. საეკლ. და სამონასტრო ვასალ-ფეოდალებს ეწოდებოდა: “ეკლესიისშვილი”, “საყდრისშვილი”, “მცხეთისშვილი” (მცხეთის სვეტ-იცხოვლის ყმა ფეოდალი), “მონასტრის შვილი”, “ვარძიისშვილი” (ვარძიის მონასტრის ყმა ფეოდალი), “ქვათახევისშვილი”, “შიოსშვილი” (შიომღვიმის მონასტრის ყმა ფეოდალი) და სხვა. ტერმინი “შვილი” ეკლესიაში შევიდა საერო სფეროდან, სადაც ის, როგორც სოც.-პოლიტ. ტერმინი, წარმოიქმნა გვაროვნული წყობილების წიაღში და გადავიდა კლასობრივ საზოგადოებაშიც. საერო სფეროში ის შეცვალა ტერმინმა მონამ (ისევე, როგორც მამა შეცვალა უფალმა). ვ-ის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინები ქართულში იხმარებოდა აგრეთვე ფეოდალებისა და უშუალო მწარმოებლების იურიდ. ურთიერთობის აღსანიშნავადაც: უფალი აღნიშნავდა არა მარტო სენიორს, არამედ – გლეხის ბატონსაც (პატრონი). მონა აღნიშნავდა ვასალსაც და თავისუფლებაწართ-მეულ მონა-მწარმოებელსაც, ასევე ყმა, გარდა ვასალისა, ეწოდებოდა ყმა-გლეხსაც. ვასალად მიღება სრულდებოდა განსაკუთრებული ცერემონიით – დალოცვით. ვასალისთვის მიწისა და თანამდებობის (“Ãელის”) მიცემას ეწოდებოდა შეწყალება. შეწყალებული ვასალი სენიორისგან მიწას იღებდა სამსახურის პირობით (ბენეფიციუმი). ასეთ “საÃელო მიწას” XI–XIII სს-ში ეწოდებოდა “საკარგავი”, ხოლო მის მფლობელს – “მოსაკარგავე”. სახელო და სასაკარგავო მიწები თანდათანობით იქცეოდა სამემკვიდრეო საკუთრებად – “მამულად”. სწორედ “მამული” წარმოადგენდა საქართველოში სენიორიის – ფეოდ. “სახლის” მატერ. სა-ფუძველს. სენიორიას მეფე ანიჭებდა შეუვალობას (იმუნიტეტს). უფალ-მონობის ხანაში (X ს-მდე) საქართველოში უკვე არსებობდა ფეოდ. იერარქია: მეფე – “აზნაურნი დიდ-დიდნი” (წარ-ჩინებულნი) – მცირე აზნაურები; პატრონყმობის ხანაში (XI–XIV სს.): მეფე – დიდებულნი, მთავარნი – აზნაურნი; პატრონყმობა // ბატონყმობის ხანაში (XV–XVIII სს.): მეფე – მთავარნი – თავადნი – აზნაურნი. საქართველოში ფეოდ. დაქუცმაცებულობა გახანგრძლივდა არახელსაყრელი საშინაო და საგარეო პირობების გამო. ამიტომ ვ-იც XIX ს-მდე არსებობდა. ის იყო საქართვ. ფეოდ. კლასის შინაპოლიტ. ორგანიზაცია რუსეთთან შეერთებამდე. პატრონყმობა//ბატონყმობამ ვ-ის შინაარსი დაკარგა მხოლოდ XIX ს-ში. ამ პერიოდში უკვე ბატ-ონყმობა აღნიშნავდა მხოლოდ ფეოდალებისა და ყმა-გლეხების ურთიერთობას. სენიორალურ-ვასალური ურთიერთობა არსებობდა სხვადასხვა ფეოდ. სახელმწიფოებს შორისაც. ფეოდ. საქართველოს XII–XIII სს-ში ჰყავდა თავისი ვასალური სახელმწიფოები – ყმადნაფიცი ქვეყნები (აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულები), რ-ებიც საქართველოს უხდიდნენ ხარკს და უწევდნენ სამხ. დახმარებას, იყვნენ მისი პოლიტ. გავლენის ქვეშ. საქართველო, თავის მხრივ, იცავდა მათ გარეშე მტრებისაგან (იხ. სტ. პატრონყმობა, სენიორია, სათავადო). წყარო: სამართალი ბექასი და აღბუღასი. – სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963; [ისტორიული საბუთები], იქვე, ტ. 2–5, თბ., 1965–74. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1–2, თბ., 1982–84 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6–7). ნ. შოშიაშვილი.