ვასიფი აჰმედ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასიფი აჰმედ (1738, ბაღდადი, – 1806), ოსმალო ისტორიკოსი. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკებებში. მიმოწერას აწარმოებდა რუს. იმპერატორ ეკატერინე II-სა და დიდ ვეზირს შორის. ვ-მ შეადგინა 1772 ბუქარესტის საზავო მოლაპარაკების ოქმი. 1783 გახდა სულთნის კარის ისტორიკოსი, ოფიც. ჟამთააღმწერელი. ვ-ს ხელი მი-უწვდებოდა ყოველგვარ დოკუმენტურ და ნარატიულ წყაროებზე. იგი თვითმხილველი და უშუალო მონაწილე იყო მრავალი მნიშვნელოვანი ისტ. მოვლენისა, რ-თა შესახებაც დაწვრილებით გადმოგვცემს თავის ორტომიან თხზულებაში “მშვენიერი ძეგლები და სარწმუნო ცნობები” (მოიცავს 1753–74 პერიოდს). ვ-სათვის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი წყაროა მუსტაფა ჩეშმი-ზადეს “ისტორია”. იგი ამოკლებს ჩეშმი-ზადეს ცნობებს საქართველოს შესახებ. ხშირ შემთხვევაში არ ასახელებს იმერეთ-გურია-სამეგრელოს მთავართა და წარჩინებულთა სახელებს. I ტომში არის ცნობები 1766–69 საქართველოს შესახებ, კერძოდ, ჩილდირის ეიალეთზე, მის ურთიერთობაზე იმერეთთან; ოსმალების თავდასხმების შესახებ იმერეთზე, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ბრძოლაზე ოსმალებთან და სხვ. ლიტ.: ბურჯანაძე შ., სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752–1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41; შენგელია ნ., ოსმალო ისტორიკოსის აჰმედ ვასიფის ცნობები საქართველოს შესახებ, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1971, [ტ.] 3. გ. ალასანია.