ვაყა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაყა, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკა-დი) ნაპირას. ზ. დ. 670 , ხაშურიდან 16 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002). სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოსა და ანტ. ხანის არქეოლ. ძეგლები. ვ. ქართ. ისტ. საბუთებში პირველად 1715, რუისის საკათოლიკოსო დავთარში იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილთან (XVIII ს.) იგი ალის ფრონის ხეობაში, სომანეთის სამხრ-ითაა მითითებული. ვ. გვიანდ. შუა საუკუნეების ადმ.-ტერ. დაყოფით, ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა. 1715 რუისის საკათოლიკოსო დავთრის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 30 კომლი ქართვ. გლეხი: ნადირაშვილები, ზემბდაშვილები, კბილაშვილები, ზესელაშვილები, ქოჩორაძეები, მეგრელიშვილები, და-ლაქიშვილები, საყვარელაშვილები, დათუკიშვილები, იმერლიშვილები, ხუციშვილები, ტატიაშვილები, ბანქუაშვილები, ხოტივრაშვილები, ყიფიანიშვილები, ახბადიშვილები, მამუკაშვილები, ნაცვლიშვილები, ინანაშვილები, გაჩაგედაშვილები, მეხრიშვილები. XVIII ს-ში ლეკების პერმანენტულმა თავდასხმებმა საგრძნობლად დააზიანა ფრონის ხეობა, რის გამოც მკვიდრი ქართვ. მოსახლეობა შეთხელდა, XVIII ს. მიწურულში აქ სომხ. მოსახლეობაც გაჩნდა. XIX ს. დასაწყისში, როდესაც ქართლ-კახეთში რუს. მმართველობა დამყარდა, ვ. გორის მაზრის შემადგენლობაში შევიდა. 1802 აღწერის მიხედვით შერეული მფლობელობის საეკლ. და სადედოფლო სოფელია და იგი ქართველებითა და სომხებითაა დასახლებული. 1842–1917 ვ. სურამის საპოლიციო უბნის შემადგენლობაშია. 1865 შეიქმნა ვ-ის სასოფლო საზ-ბა, რ-შიც შედიოდა სოფლები: ვ., ვარდისუბანი, ზემო-გომი, სატივე. 1890 გაუქმდა ვ-ის სასოფლო საზ-ბა და ჩამოთვლილი სოფლები ნაბახტევის სასოფლო საზ-ბაში გადავიდა. 1930 მაზრები გაუქმდა და ვ. ხაშურის რ-ნის შემადგენლობაში შევიდა. სოფლის სამხრ-ით, განაპირას დგას XVI–XVII სს. “დედაღვთისას” ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-შიც შედის 2 ეკლესია და სხვადასხვა სახის დამხმარე ნაგებობანი. კომპლექსთან ახლოს, სასაფლაოზე, გვიანდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. ღვთისმშობლის მეორე დარბაზული ეკლესია სოფლის სამხრ-ითაა, 1,5 კმ-ზე, ნასოფლარ სომანეთის ტერიტორიაზე. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები, წგ. 1, ტფ., 1907. ლიტ.: გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, კრ.: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, [ტ.] 7, თბ., 1989; მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.

შ. საღარაძე. ზ. ცინცაძე.
მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვაყა&oldid=9200-დან“