ვაშაკიძე მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ. ვაშაკიძე.png


ვაშაკიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე [15 (28). VIII. 1909, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 27. XI. 1956, თბილისი, დაკრძალულია აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე], ასტრონომი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1954). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1932). 1936–56 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიაში. შეიმუშავა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახ. ეფექტური მეთოდი, რ-იც გამოიყენება გალაქტიკაში სხვადასხვა მიმართულებით ვარსკვლავთა სივრცული განაწილების განსასაზღვრავად, ვარსკვლავთშორის განფენილი მატერიის მიერ სინათლის შთანთქმის გათვალისწინებით (იხ. ვაშაკიძე – ოორტის მეთოდი). შეადგინა 509 გარეგალაქტიკური ნისლეულისა და 110 გრძელპერიოდიანი ცეფეიდის ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რ-ისთვისაც ძირითადი მასალა მიღებული იქნა აბას-თუმნის ობსერვატორიაში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ჩატარებული მზის გვირგვინის (კორონის) და გალაქტიკური ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაციის შესწავლის დარგში. ვარსკვლავთა ასტრონ. კვლევის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვ-ის ნაშრომს “სინათლის გალაქტიკური შთანთქმის შესწავლა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერი-ოდიანი ცეფეიდების ფერის სიჭარბეთა მიხედვით და სხვა მეთოდებით” (1950). ვ-მ აბასთუმნის ობსერვატორიაში შმიდტისეულ კამერაზე მორგებული, თავისივე შექმნილი ორიგინ. ხელსაწყოთი – პოლაროიდით – აღმოაჩინა კიბორჩხალას ნისლეულის გამოსხივების ძლიერი პოლარიზაცია, რის საფუძველზეც დადგინდა ამ ნისლეულის გამოსხივების არასითბური, სინქროტრონული ბუნება. დიდია ვ-ის ღვაწლი აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპების და დანადგარების განახლების საქმეში. მან რამდენიმე შრომა მიუძღვნა ახ. ტელესკოპების გამოკვლევას. ვ-ის უშუალო ხელმძღვანელობით აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნ. ექსპედიციების მიერ ტარდებოდა დაკვირვებები მზის სრულ დაბნელებებზე: ურალში (1941), კარელიაში (1945), ბრა-ზილიაში (1947), შუა აზიასა (1952) და ლაგოდეხში (1954) (იხ. მზის დაბნელება). სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ვ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-სა და ქუთაისის პედ. ინ-ტში, სადაც კითხულობდა ვარსკვლავთა ასტრონ. კურსს. დიდია მისი წვლილი ქართვ. ას-ტრონომების აღზრდაში. იყო საერთაშ. ასტრონ. კავშირის დარგობრივი კომისიისა და სსრკ მეცნ. აკადემიის ასტრონ. საბჭოს წევრი. შეყვანილია მსოფლიოს 400 გამოჩენილი ასტრონომის ბიოგრ. ლექსიკონში. 1970 ქ. ბრაიტონში (ინგლისი) აშშ-ის დელეგაციის წარდგინებით, ასტრონომთა XIV გენ. ასამბლეაზე, ასტრონ. მეცნიერების წინაშე დამსახურებისათვის, მთვარის ჩრდ. ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს “ვაშაკიძის” სახელი ეწოდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ლიტ.: კალანდაძე ნ., მიხეილ ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე, თბ., 1980; მთვარის ბინადარი, მიხეილ ვაშაკიძე – 100. შემდგ.: ნ. დოლიძე, ც. ვაშაკიძე, თბ., 2009; Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г., Астрономы. Биографический справочник, К., 1977. ნ. დოლიძე.