ვაშაძე მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ. ვაშაძე.png მ. ვაშაძე პლატონი.png


ვაშაძე მიხეილ სიმონის ძე [1(14). XII. 1908, ჭიათურა, – 30. VI. 1996, თბილისი], მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1965). 1923-იდან მონაწილეობდა ჭიათურის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. პროფ. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1926 ჭიათურის საშ. სკოლის დამთავრებისთანავე. 1926–67 იყო ჭიათურის სახელმწ. დრამ. თეატრის მსახიობი და რეჟისორი (გარდა 1931–32 და 1932–34 წლებისა, როდესაც ქუთაისისა და ხაშურის თეატრებში მუშაობდა). 1967-იდან ვ. თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით, უშუალობით, სისადავით, სიწრფელით, მაღალი პროფ. კულტურით. ვ-ის საუკეთესო როლებია: ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის “ღალატი”), არსენა (ს. შანშიაშვილის “არსენა”), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის “სამშობლო”), პეტრუჩიო (უ. შექსპირის “ჭირვეულის მორჯულება”), იაგო (უ. შექსპირის “ოტელო”), ოიდიპოს მეფე (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”), ბასა გუჯაბიძე (გ. ხუხაშვილის “ცხოვრება კაცისა”), ალექსანდრე ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია”) და სხვ. ვ-მ დიდი წარმატებით განასახიერა პლატონ სამანიშვილისა (დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”) და ყვარყვარე თუთაბერის (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”) როლები. დადგმული აქვს სხვადასხვა ჟანრისა და სტილის სპექტაკლები. მათ შორის: ი. ვაკელის “რვალი”, დ. ერისთავის “სამშობლო”, ნ. შიუკაშვილის “სულელი”, ა. წერეთლის “ბაში-აჩუკი”, ჯ. პრისტლის “ინსპექტორი მოვიდა”, გ. ბერძენიშვილის “ტირიფის ქვეშ” და სხვ. ვ-მ შთამბეჭდავი სახეები შექმნა კინოფილმენშიც. ესენია: მღვდელი (“ეპისკოპოსი ნადირობაზე”, 1971), ტაგუია (“მამლუქი”, 1958), არჩილი (“განგაში”, 1968), ყარამანი (“ტარიელ გოლუა”, 1968), დათეშიძე (“ნერგები”, 1972), ერმილე (“ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი”, 1972) და სხვ. შ. ცუცქირიძე.