ვაშლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლი.png


ვაშლი (Malus), ხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახისა. მოიცავს 50 ველურ სახეობას, რ-ებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ვ. ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა. კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. მსოფლიოში აღწერილია 20 ათასი ჯიში. კულტ. ვ-ის ხის სიმაღლეა 2–7 და ზოგჯერ მეტიც. სხვადასხვა ჯიშის ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. წვრილნაყოფიანი ჯიშების ნაყოფის მასა 25 -მდეა, მსხვილნაყოფიანებისა – 175 -ზე მეტი. ფორმის მიხედვით ნაყოფი მომრგვალო, ბრტყელი, ცილინდრული, კვერცხისებრი, წაგრძელებული ან ზარისებრია. მისი ზედაპირი გლუვია, წიბოიანი, ზოგჯერ ბორცვიანი. კანის ძირითადი შეფერილობა ცვალებადობს მომწვანოდან ყვითელსა და თეთრამდე. ნაყოფს აქვს მფარავი ფერიც, რ-იც წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედებით, იგი იცვლება ვარდისფერიდან ღია წითელ ან მუქ წითელ ფერამდე. რბილობი თეთრი, მომწვანო, ყვითელი ან ვარდისფერია. ვ. სინათლის მოყვარული, ტენისა და საკვები ნივთიერებების მომთხოვნი მცენარეა. მოჰყავთ მეხილეობის ყველა ზონაში სხვადასხვაგვარ ნიადაგზე. ვ-ის კულტ. ჯიშებს საძირეზე მყნობით ამრავლებენ. ამისთვის იყენებენ როგორც ველურ ფორმებს, ისე კულტ. ჯიშების თესლებიდან მიღებულ საძირეებს. საქართველოში აღწერილია ვ-ის 200 ჯიში. ყველა კულტ. ჯიში გაერთიანებულია შინაური ვ-ის (M. domestica) სახეობაში. ვ-ის ქართ. ჯიშები ძირითადად წარმოშობილია მაჟალოდან (M. orientalis) ხალხ. სელექციით. ისინი დაჯგუფებული არიან შემდეგნაირად: ძუძუ ვაშლის, თურაშაულის, კიტრა ვაშლის, აბილაურის და ხომანდულის ტიპის ჯიშებად. ადგილობრივ ჯიშთაგან ცნობილია: აბილაური, ქართ. დანა ვ., მამულო, მახარა, კეხურა, თურაშაული, ყინულა, ნისკარტა და სხვ.; შემოტანილი ჯიშებიდან – ზამთრის ბანა-ნი, კანადური რენეტი, შამპანური რენეტი, აპორტი, როზმარინ თეთრი, ბელფლორ ყვითელი, შაფრანი, ზამთრის პარმენი და სხვ. სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში სელექციონერმა თ. ცერცვაძემ გამოიყვანა ვ-ის ახ. ჯიშები: საგამოფენო, გორული სინაპი, ივერია, საქართველოს პიონერი; მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ხეხილის სელექციის განყ-ბაში კი შ. ახვლედიანმა – არაგვი, არგო, არმაზი, გალავნურა, გორული რენეტი, დელისი, დიდგორი, მზიური, მუხიანი, ხორუმი, ფავორიტი. ინტროდუცირებულია და იცდება ვ-ის ჯიშები, რ-თა ნაყოფზეც დიდი მოთხოვნილებაა მსოფლიო ბაზარზე. ესენია: გრანი სმიტი, მონდეან გალა, სტარ ფუჯი, პინკ ლედი; ჯონაგოლდი, გლოსტერი, გოლდენ რაინდერსი, გალა შინგა და სხვ. საქართველოში ვ. ფართოდაა გავრცელებული მეხილეობის ყველა ზონაში: კახეთსა და ქართლში, მესხეთსა და იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, აფხაზეთში. ვ-ის კულტ. ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), ორგ. მჟავებს, პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, c), წყალს (83–90%) და სხვ. ნაყოფს იყენებენ ნედლად, ჩირისა და კონსერვის სახით, მისგან ამზადებენ ჯემს, პასტილას, მარმელადს, მურაბას, კომპოტს, ღვინოს, წვენს და სხვ. ვ-ს აზიანებს ვ-ის მავნებლები: ჩრჩილი, ნაყოფჭამია, მინაფრთიანა, ფოთლის რინქიტი, კალიფორნიის ფარიანა და სხვ.; დაავადებათაგან: ვ-ის ქეცი, ნაცარი, ჟანგა, სიდამპლე და სხვ. ლიტ.: ბადრიშვილი გივი, ბადრიშვილი გიორგი, ხეხილის ბოტანიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ბადრიშვილი გ., ბაიაძე მ., ბლიაძე გ., ხილის ატლასი, ტ. 1. ვაშლი, სკრა, 2007; საქართველოს მეხილეობა, ტ. 3, თბ., 1973. შ. დიასამიძე. მ. ვარძელაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვაშლი&oldid=9232-დან“