ვაშლიჯვარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლიჯვარი ონადირის ეკლესია.png


ვაშლიჯვარი, უბანი, ყოფილი სოფელი თბილისის დასავლეთ ნაწილში, მტკვრის ხეობის მარჯვენა მხარეს, მდ. დიღმისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ძირითადად ონადირის მთის ფერდობის ირგვლივ. ვ-ში აღმოჩენილი არქეოლ. ძეგლები ადასტურებს, რომ აქ ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. IV–III ათასწლეულებში უცხოვრია. 1959 დიღმისწყლის ხიდთან აღმოჩნდა გვიანდ. ანტ. – ადრეფეოდ. ხანის ორმოსამარხები და ქვაყუთები. ვ-ის მიდამოებში რეგულ. არქეოლ. გათხრები 1968-იდან ტარდება. 1972 დიღმისწყლის მარჯვ. სანაპიროზე მდებარე ქედზე აღმოჩნდა ადრეფეოდ. ხანის IV–VII სს. სამაროვანი, 1981 – მტკვარ-არაქსის ეპოქისა და ახ. წ. I ათასწლ. ძეგლები. ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი) ადრინდ. შუა საუკუნეების სამა-როვანზე აღმოაჩინა ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვაყუთები. ქვის ფილებით გადახურული სამარხები ინდივიდუალურია, ხოლო ქვაყუთები – ძირითადად კოლექტიური, რ-ებშიც ორიდან ოთხამდე მიცვალებულია დაკრძალული. ორივე ტიპის სამარხში მიცვალებულები დამარხული იყვნენ ქრისტ. წესით – გაშოტილი, გულხელდაკრეფილი, თავით დას-კენ. ვ-ის სამაროვანზე გათხრილი სამარხების ძირითად არქეოლ. ინვენტარს სამკაული და ტანსაცმლის აქსესუარები წარმოადგენს. ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები თარიღდება IV–V სს-ით, ხოლო ქვაყუთები – VI–VII სს-ით. ვ-ის ისტ. ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფ. დიღომთან. გვიანდ. შუა საუკუნეებში ვ. დიღმის მოურავის იურისდიქციას ექვემდებარებოდა. XIX საუკუნეში აქ გაშენდა ზვრები, საბჭ. პერიოდში კი დაარსდა საქართვ. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინ-ტი თავისი ექსპერ. ბაზით, რ-იც საქართვ. ქალაქებსა და სოფლებს საადრეო-სასუფრე ყურძნის ჯიშით ამარაგებდა. XIX ს. 80-იან წლებში ვ. სოფლის ტიპის დასახლება იყო. შემდეგ აქ გაშენდა ახ. უბანი მრავალსართულიანი სახლებით დაახლ. 40 ათას მოსახლეზე. ქ. თბილისს შეერწყა 1972. ვ-ში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ონადირის (მონადირის) დარბაზული ეკლესია (IX–X სს). ლიტ.: თბილისი. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978; ნიკოლაიშვილი ვ., ანტიკური ხანის ძეგლები დიღმის ხეობიდან, კრ.: საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, I, თბ., 1978; მისივე, ვაშლაჯვარას სამაროვანი, იქვე, II, თბ., 1979; მისივე, დიღმის ხეობა ადრეფეოდალურ ხანაში, იქვე, III, თბ., 1985; სონღულაშვილი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის (დიღმის ხეობა), წგ. 1, თბ., 1969; ქორიძე დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, ნაწ. 1, თბ., 1955. მ. აბრამიშვილი. ვ. ნიკოლაიშვილი. ა. სონღულაშვილი.