ვაშლობი, ნასოფლარი ისტორიულ სამცხეში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლობი, ნასოფლარი ისტორიულ სამცხეში, მდ. ურავლის მარჯვენა სანაპიროზე. XVI ს. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, ის შედიოდა ახალციხის ლივის ჭაჭარაქის ნაჰიეში. იქ მაშინ 3 კომლს უცხოვრია: ვაშლობელს, მის ძმას და ბატატა ვაშლობელისძეს. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ამუშავებდნენ სელს, ჰქონიათ ბოსტნები, ჰყოლიათ ღორი და ფუტკარი. მათი წლიური გამოსაღები 8045 ახჩა იყო. 1720–21 ეს სოფელი ყოფილა ზეამეთი ვინმე აბუბექრისა, მისი გამოსაღები უკვე 31260 ახჩა გამხდარა, რაც სოფლის მოსახლეობის მატებაზე მიუთითებს. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2–3, თბ., 1941–58; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979. დ. ბერძენიშვილი.