ვაშლობი, სოფელი ისტორიულ ქვემო ჯავახეთში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლობი, სოფელი ისტორიულ ქვემო ჯავახეთში, მტკვრის ხეობაში. XVI ს-ში, ოსმალთა ბატონობისას, ეს სოფელი შედიოდა ახალქალაქის ლივის თმოგვის ნაჰიეში. მაშინ იქ 22 კომლი ცხოვრობდა, სახელების მიხედვით – ყველა ქართველი: რევაზა ზოზასძე, ვარძელ ბადრიასძე, თევდორე ბასილასძე, ზაქარა დემეტრესძე, სიმონ ივანესძე, ვარძელ მანასესძე და სხვ. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელი, ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი; წლიური გამოსაღები შეადგენდა 15500 ახჩას. 1703–04 ეს სოფელი ვინმე ალის ექვემდებარებოდა და წლიური გამოსაღები 15300 ახჩა იყო. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2–3, თბ., 1941–58; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979. დ. ბერძენიშვილი.