ვაშლოვნის სახელმწიფო ნაკრძალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი.png


ვაშლოვნის სახელმწიფო ნაკრძალი, კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, იორსა და ალაზანს შორის. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 ნ. კეცხოველის და ვ. გულისაშვილის ინიციატივით. ამჟამად გამოცხადებულია ეროვნ. პარკად. საერთო ფართობია 10142 ჰა. ზ. დ. 300–600 . აღმ-იდან ესაზღვრება ყუმურდოს ხევი, დას-იდან კი – მამაჩაის და ეშმაკის ხეობა. 4 ჰა-ზე მეტი დაფარულია ტყით, დანარჩენი ნაწილი ველებს, ხევებს, კლდეებსა და ალესილებს უჭირავს. ნაკრძალის მშრალი (ქსეროფილური) ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. ეროზიული შთენილები და თიხის კარსტები ჰარმონიულად გადადის ღვიის კორომებში, საკმლის ხის ტყეებში, ღვიიან-საკმლისხიან შერეულ მშრალ ტყეებში. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბოლღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვ., ბალახოვანი საფარიდან – უროიანი, აბზინდიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები; გვხვდება 70-მდე სახეობის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, მიმინო, შავი ყარყატი, იშხვა-რი, ჩხართვი, ბეღურა, მეღორღია, ჩიტბატონა, სკვინჩა, კოლხური ხოხობი, მერცხალი და სხვა), ასევე 700-მდე სახის მწერი; ბინადრობს 46 სახის ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურ-დღელი, ტყის და ველის მელა, კავკ. მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და სხვ.). 2003 ბოლოს ვ. ს. ნ-ში აღმოაჩინეს წინააზიური ჯიქი (ლეოპარდი). ეროვნ. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ასევე ქვეწარმავლები (ხმელთაშუა ზღვის კუ, გრძელფეხა სცინკი, თვალტიტველა ხვლიკი, ჯოჯო, დასავლური მახრჩობელა, ოთხზოლიანი მცურავი, ჩვეულებრივი ანკარა, გიურზა). ნაკრძალის მიზანია ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა. ლიტ.: ლომთათიძე გ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში, თბ., 1989; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, ზ. ალექსიძისა და შ. ბურ-ჯანაძის გამოც., წგ.1, თბ., 1964; საქართველოს დაცული ტერიტორიები, თბ., 2007; ფანცხავა ლ., მაისურაძე ბ., სამი სამარხი სოფ. ვერონიდან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1982, ტ. 36; ჯორბენაძე ბ., გოგოთური გ., გვიანბრინჯაოს-ადრერკინის ხანის მასალები ივრის ხეობიდან, თბ., 1992.