ვაჩეძორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩეძორის მონასტერი.png


ვაჩეძორი, ვაჩიძორი, IX ს. მონასტერი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ტაოს – ნიაკომის (ნიკომის) ხეობაში (ახლანდ. თურქ. ტერიტ.). ძეგლი 1907 პირველმა გამოიკვლია ე. თაყაიშვილმა. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა წმ. სტეფანეს გუმბათოვანი ეკლესია, მის ირგვლივ განლაგებული გვიანდ. მინაშენები (უკვე დანგრეული) – სამრეკლო, საოსტიგნო, სალარო, კამარიანი დარბაზები (ერთ-ერთი, როგორც ჩანს, სატრაპეზო იყო), დიდი დარბაზული ეკლესია და სხვ. ე. თაყაიშვილმა მიაგნო მთავარი ტაძრის ასომთავრულ წარწერას (ჩაშენებული იყო სხვა ნაგებობაში), საიდანაც ირკვევა, რომ ტაძრის ეგვტერი აგებულია 1306 ქართველთა და აფხაზთა მეფე დემეტრეს ასულ რუსუდანის საფასით. მეორე ქართ. ასომთავრულით შესრულებული წარწერა სამრეკლოს მეორე სართულზე იყო, ოსტატის გამოსახულების გვერდით. მონასტრის სახელწ. “ვაჩეძორი” ე. თაყაიშვილმა დაადგინა მონასტრის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში აღმოჩენილი XV ს. საბუთების მიხედვით (მანამდე იგი “ვანქად” იწოდებოდა). XI ს. ერთ-ერთი ქართ. ხელნაწერის მინაწერში მოხსენიებულია გრიგოლ ვაჩეძორელი, რ-საც იგი გადაუწერია შატბერდის ლავრაში. როგორც ჩანს, მაშინ ვ-ის მონასტერი უკვე არსებობდა. შემორჩენილი ფოტოებისა და ანაზომების ანალიზის შედეგად ძეგლის აგების თარიღმა IX ს-ში გადაინაცვლა. მონასტრის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში ნაპოვნი საბუთები მხედრუ-ლითაა ნაწერი, ამათგან ერთი მონასტრის დადგენილებაა, 2 – ნასყიდობის წიგნი და 3 – წერილი. ყველა შედგენილია მონასტრის მოძღვრისა და კრებულის მიერ. ვ-ის დადგენილებიდან ვიგებთ, რომ მონასტრის მოძღვარს, კანდელაკსა (მნათე) და კრებულს ერისთავთერისთავისა და მეჭურჭლეთუხუცეს ზაზა ფანასკერტელისათვის უთხოვია, გაეთავისუფლებინა ვ. სამონასტრო გადასახადისაგან – ალავისაგან. მას თხოვნა შეუწყნარებია და გადაუცია გუჯარი “თავსა და ბოლოს ფიცით”. კრებულს ზაზასთვის 6 წირვა დაუწესებია წელიწადის სადღესასწაულო დღეებში. კრებული პირობას დებდა, რომ თუ ერისთავი შემდეგში რაიმე ახ. გადასახადს შემოიღებდა, ისინი მას შეკრებდნენ და ერისთავს დროულად წარუდგენდნენ, ალავის გაუქმებას კი ამ ახ. გადასახადზე უარის სათქმელად არ გამოიყენებდნენ. სხვა საბუთები უმნიშვნელოა და ნაკლული, მაგრამ მათშიც არის ნახსენები ტაოს მაშინდელი პუნქტები: ხავაღი, ნამორეთი, პარგრძორი, ორისი. ამ საბუთებიდან ნათლად ჩანს, რომ XV ს. I ნახევარში, ჯაყელთა გაძლიერების მიუხედავად, ფანასკერტელებს ტაოში კვლავ მიუწვდებოდათ ხელი მონასტრებსა და ციხეებზე (ვ., ხავაღი, ოლთისი და სხვ.). შემდგომი წლების წერილობით წყაროებში ვ. აღარ იხსენიება; როგორც ჩანს, მისი სახელი მიივიწყეს. გვხვდება მხოლოდ იქვე არსებული სოფელი ნიაკომი ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში (1694–1732). აქ იგი ტაოსკარის ნაჰიეს არტანუჯის ლივაშია დასახელებული. ვ-ის მთავარი ტაძარი გუმბათოვანი ნაგებობა იყო, რ-ის გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობოდა. ნაგებია სწორ რიგად ნაწყობი პატარ-პატარა უხეშად დამუშავებული ქვით. მრგვალი გუმბათის ყელი დაბალი და ფართოა. იგი ეყრდნობა ტრომპებს, რ-ებიც IX ს. შემდეგ აღარ გვხვდება. ძეგლს არ ამკობს კვეთილი ორნამენტი (იგი X ს. I ნახ-იდან იჩენს უკვე თავს). ერთადერთი ძლიერ დაზიანებული რელიეფი შედარებით ადრეულ ხანაზე მიუთითებს. თავდაპირველად ტაძარი ერთიანად მოხატული ყოფილა. როდესაც იგი ე. თაყაიშვილმა მოინახულა, მოხატულობის მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო შემორჩენილი. გუმბათის ყელში გამო-სახული იყვნენ წინასწარმეტყველნი, რ-თაც ხელში გრაგნილები ეჭირათ, და მიქელ მთავარანგელოზი (ქართ. წარწერებით), საკურთხეველში – ეკლესიის მამები, სხვადასხვა ადგილზე – იოაკიმე და ანა, იოანე ღვთისმეტყველი და სხვ. ფრესკებით იყო შემკული მთავარი ტაძრის სამხრ.-აღმ-ით მდგარი ერთნავიანი ნაგებობაც, რ-იც, ე. თაყაიშვილის აზრით, მოგვიანებით გადააკეთეს ეკლესიად. მან აქ გაარჩია ასომთავრულით შესრულებული რამდენიმე წარწერა. ამ ფრესკებს იგი ეკლესიის მოხატულობასთან შედარებით უფრო მოგვიანო ხანას მიაკუთვნებდა (XV ს.). ორსართულიანი სამრეკლო საქართველოში გავრცელებულ სამრეკლოთა ტიპისაა – გეგმით კვადრ. ქვედა სართული, სადაც მონასტრის გალავნის შესასვლელია მოწყობილი, და II სართულის რვაწახნაგა, თაღებით გახსნილი ფანჩატური. წყარო: ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979. ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, [ტ.] 1; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; Беридзе B. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981. ვ. ბერიძე. დ. ბერძენიშვილი.