ვაჩიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩიანი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, ვაჩიანის ტბასთან, ახალქალაქი–კარწახის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., მურჯახეთი, ჩამძვრალა). ზ. დ. 1760 , ახალქალაქიდან 9 კმ. 2,2 ათ. მცხ. (2002). “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ოსმალთა მიერ დაპყრობილი ჯავახეთის სოფელი ვ. შედიოდა ახალქალაქის ლივის აქშეჰირის ნაჰიეში. იქ 17 კომლი ქართველი ცხოვრობდა, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, მოჰყავდათ ბოსტნეული, ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი (საზეთედ), იონჯა და იხდიდნენ გამოსაღებს (19500 ახჩას). 1703–04 ვ. ექვემდებარებოდა ვინმე ჰალილს და შეწერილი ჰქონდა 6000 ახჩა. 1829 ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ვ. სამხრ. საქართველოს ნაწილთან ერთად, რუს. იმპერიას შეუერთდა. ამ დროს დასახლდნენ აქ ოსმალეთიდან წამოსული სომხები. ვვ-ში ძვ. ქართ. ეკლესიების ნანგრევებზე აგებულია ახ. ეკლესია, რ-იც XIX ს. 30-იან წლებში აუშენებიათ არზრუმელ სომხებს. წყობაში კარგად ჩანს ადრინდ. ხანის სტელები, “ბოლნურმედალიონებიანი” ლოდები, ქართ. წარწერათა ფრაგმენტები (ნუსხური), რ-ებიც კედლებში უადგილოდაა ჩაყოლებული (“ქრისტე, შეიწყალე მონა შენი ზურაბ”, “ედიშერ”...) და XIII ს. უნდა ეკუთვნოდეს. 1933 ნ. ბერძენიშვილს ვ-თან უნახავს მოზრდილი ლოდი ქართ. (ნუსხური) წარწერით, სადაც საუბარია ზაქარია ამირსპასალარის (მხარგრძელი) ბრძანებით ზრესკელი ბერის მიერ ზუინაქტის აშენებაზე, იქვე იხსენიებიან შალვა და მისი ძმა ივანე (ახალციხელები). წარწერა XIII ს-ით თარიღდება და ამჟამად ახალციხის მუზეუმშია დაცული. ვ-ის “ზემო ეკლესიის” ირგვლივ ძვ. სასაფლაოა, სადაც გვხვდება ვერტიკალურად დაყენებული ჯვრიანი ქვები და ყოჩებისა და ცხენების ფიგურები საფლავის ლოდებად. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964. დ. ბერძენიშვილი.