ვაჩნაძე ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩნაძე ნიკოლოზ (1887, თბილისი, – 1940, ლუკენვალდე, გერმანია), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი (1919). დაამთავრა სამხ.-საარტ. სასწავლებელი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1915 მიენიჭა რუს. არმიის მაიორის წოდება. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრ. რესპ. ანექსიის (1921, თებ.-მარტი) შემდეგ ვ. იყო პოლიტ. ემიგრანტი. 1923 დაამთავრა პოლონეთის სამხ. აკადემია. იყო პოლონეთის ეროვნ. არმიის პოდპოლკოვნიკი (1931), II მსოფლიო ომის (1939–45) დროს – მედლინგის გარნიზონის უფროსი. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის (1939) შემდეგ იგი ტყვედ ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა ლუკენვალდის ჰოსპიტალში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ორი ჯვრით, პოლონეთის რამდენიმე საბრძოლო ჯილდოთი, მათ შორის უმაღლესი ორდენით – “ვირტუტი მილიტარი” (მხედრული მამაცობისათვის). ლიტ.: ურუშაძე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005. ლ. ურუშაძე.