ვაჩნაძიანი (შპს)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვაჩნაძიანი” (შპს), ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხანა სოფ. ვაჩნაძიანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). დაარსდა 1953. მისი საერთო ფართობია 7,03 ჰა. ქ-ნის სიმძლავრე გათვლილია 9 ათას ტ ყურძნის გადამუშავებაზე წელიწადში. საწარმო დაკომპლექტებულია იტალ. წარმოების მანქანა-დანადგარებით. ტერიტორიას, რ-იც “ვაჩნაძიანის” ქ-ნას უკავია, XIX ს-ში ფლობდა თავადი ლევან ჯანდიერი. გასაბჭოების შემდეგ ჯანდიერები გაასახლეს, აქ გაშენებული ვენახი კი ჩამოართვეს. მოგვიანებით, კოლექტივიზაციის ჩამოყალიბების პერიოდში, ადგილ. მოსახლეობის ძალისხმევით ამ ადგილზე გაკეთდა ყურძნის დასაწური ადგილი, რ-საც “წითელი მარანი” უწოდეს; ჩაიყარა 200 ქვევრი, რ-თა გარშემო დაიწყო ქვიტკირის კედლების აგება. მშენებლობა შეწყდა II მსოფლიო ომის დაწყებისას და განახლდა 1944-იდან. დაემატა 200 ქვევრი ახლად მიმატებული შენობის მეორე ნახევარში. ნაგებობა გადაიხურა და დასრულებული მარნის სახე მიიღო, რ-საც გლეხები “პუნქტს” ეძახდნენ. ვენახების გაფართოებამ გამოიწვია ქვევრების ნაკლებობა, რის გამოც ქ-ნაში შეიქმნა სპეც. საბონდერო საამქრო, სადაც მზადდებოდა მუხის ბუტები, როფები და კასრები ღვინის დასაძველებლად. მომდევნო წლებში ყურძნის ჩამბარებელთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა ქ-ნის გადაიარაღება სხვადასხვა ტევადობის რკინის, მომინანქრებული და უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით. 1953-იდან მას “სამტრეს-ტის” შრომის ღვინის ქ-ნა ეწოდა, 1976-იდან შედიოდა გურჯაანის ღვინის ქარხანათა საწარმოო გაერთიანებაში. 1990 კი სახელი შეეცვალა და ვაჩნაძიანის ღვინის ქ-ნა ეწოდა (სოფ. შრომის სახელწოდების ვაჩნაძიანით შეცვლასთან დაკავშირებით). 1994, ქ-ნის პრივატიზაციის შემდეგ, შეიქმნა სააქციო საზ-ბა “ვაჩნაძიანი”, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა შპს “ვ.” 2007-იდან იგი გადაეცა კომპანია შპს “მეღვინეობა ხარებას”, რის შემდეგაც დაიწყო მისი რეკონსტრუქცია და გადაიარაღდა ევრ. წარმოების მანქანა-დანადგარებით. საწარმოში ხდება ყურძნის მიღება-გადამუშავება და ღვინომასალების დამზადება, რ-იც დავარგება-დაძველებისათვის იგზავნება ყვარლის გვირაბში. ლიტ.: კალანდაძე ბ., ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე, თბ., 2008.