ვაჭარ-ხელოსანთა და მედუქნეთა ამბოხება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჭარ-ხელოსანთა და მედუქნეთა ამბოხება 1698, გამოსვლა თბილისში კათოლიკე მისიონერების წინააღმდეგ, რ-ებიც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობდნენ ევრ. სავაჭრო კაპიტალ-ის გაბატონებას საქართველოში, ეწეოდნენ ვაჭრობას, მევახშეობას და სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ თბილისელ ვაჭრებს. განსაკუთრებით შელახეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ინტერესები. გამოსვლა ფორმით რელიგ. ხასიათისა იყო, რ-იც თითქოს გამოწვეული უნდა ყოფილიყო კათოლიკეების მომრავლებით. აჯანყების ინიციატორები იყვნენ ეკლესიის წარ-მომადგენლები, სომეხთა ვარდაპეტი და რამდენიმე მოქალაქე, მთავარი ძალა კი – ვაჭრები და მედუქნეები, რ-ებმაც მოწოდებისთანავე დაკეტეს დუქნები და კეტებით შეიარაღებულებმა პატრების სახლებსა და ეკლესიებს შეუტიეს. არეულობა თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. მოსახლეობის დაშოშმინება სამეფო ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი რაზმით მოხერხდა. აჯანყებულებმა მანამდე არ დატოვეს პატრების ეკლესია, სანამ მეფის საგანგებო ბრძანება არ გამოიცა, რ-ითაც შეიზღუდა კათოლიკე მისიონერების მოქმედების ასპარეზი. ამრიგად, 1698 გამოსვლა არსებითად ევრ. სავაჭრო კაპიტალის აგენტებისა და მათი ხელშემწყობი ფეოდ. არისტოკრატიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.