ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) (World Trade Organization – WTO), საერთაშორისო ვაჭრობის მარეგულირებელი ორგანო. დაარსდა 1994 და მუშაობას შეუდგა 1995 წ. 1 იანვრიდან. იგი წარმოადგენს 1948 წელს დაარსებული გაეროს დაწესებულების – ვაჭრობაზე და ტარიფებზე საერთაშ. შეთანხმების (General Agreement on Tariffs and Trade – GATT) ბაზაზე შექმნილ ორგანიზაციას. მისი მთავარი ამოცანაა საერთაშ. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მის წევრ-ქვეყნებს შორის სავაჭრო-პოლიტ. ურთიერთობათა რეგულირება. ორგანიზაციის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს 60-ზე მეტი შეთანხმება, რ-ებიც განსაზღვრავენ მსოფლიოში საერთაშ. ვაჭრობისა და სავაჭრო პოლიტიკის ძირითად მიმარ-თულებებს. საკანონმდებლო ხასიათის დასკვნითი შეთანხმება მოცემულია სავაჭრო მოლაპარაკებების ურუგვაის რაუნდის აქტში. ამ დოკუმენტის მთავარი პრინციპებია: საერთაშ. ვაჭრობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, ვაჭრობის თავისუფლება; ჯანსაღი კონკურენციის სტიმულირება; შეღავათიანი სავაჭრო პირობების შექმნა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის. ვმო-ის მთავარი ფუნქციებია: მის წევრ-ქვეყნებს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმებების შესრულების კონტროლი; სავაჭრო შეთანხმებების ორგანიზაცია; სავაჭრო პოლიტიკის მონიტორინგი; ახ. წევრების მიღება; ორგანიზაციის წევრებს შორის სავაჭრო დავების გადაწყვეტა. 2013-თვის ვმო-ში გაწევრიანებული იყო 159 სახელმწიფო, რ-ებზეც მოდიოდა მსოფლიო ვაჭრობის 90%-ზე მეტი. შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში (შვეიცარია), მის საქმიანობას ხელმძღვანელობს გენ. დირექტორი. ვმო არის ერთადერთი საერთაშ. ორგანიზაცია, რ-მაც შეიმუშავა საერთაშ. ვაჭრობის წესები, აგრეთვე მის წევრ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის პროცედურები. იგი არის არა მხოლოდ ორგანიზაცია, არამედ იმავდროულად მრავალმხრივი სამართლებრივი სავაჭრო ხელშეკრულებების კომპლექსი, რ-იც განსაზღვრავს საქონლით და მომსახურებით საერთაშ. ვაჭრობის სფეროში სახელმწიფოთა მთავრობების უფლებებს და მოვალეობებს. ვმო-ის უმაღლესი ორგანოა წევრი ქვეყნების მინისტრების კონფერენცია. მას იწვევენ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ. იგი იღებს გადაწყვეტილებებს მრავალმხრივ სავაჭრო შეთანხმებებზე. შეთანხმებათა და მინისტრების გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მმართველობით საქმიანობას ახორციელებს ვმო-ის გენ. საბჭო. იგი იკრიბება წელიწადში რამდენჯერმე ჟენევაში. როგორც წესი, გენ. საბჭოში შედიან ვმო-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ანდა ელჩები. მის სტრუქტურაში შედის აგრეთვე სავაჭრო პოლიტიკის ანალიზისა და დავების გადაწყვეტის ორგანოები. გენ. საბჭოს ექვემდებარება კომიტეტები: ვაჭრობისა და განვითარების, სავაჭრო ბალანსის, საბიუჯეტო, საფინანსო და ადმ. საკითხების. ვმო-ის გენ. საბჭო აკონტროლებს პროფილური საბჭოების: საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის (მის შემადგენლობაში შედის ფინანს. მომსახურებით ვაჭრობის კომიტეტი და პროფესიული მომსახურების სამუშაო ჯგუფი), ინტელექტუალური საკუთრების საბჭოების საქმიანობას. გარდა ამისა, ვმო-ის შემადგენლობაშია სხვადასხვა სამუშაო და ექსპერტული ჯგუფები და სპეციალიზებული კომიტეტები. მათ ფუნქციებში შედის მრავალმხრივი შეთანხმებების ცალკეული საკითხების შესრულების განხილვა, აგრეთვე წევრ-ქვეყანათა ინტერესებში შემავალი ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიცაა კონკურენციის, ინვესტიციის, ბუნების დაცვის, სავაჭრო შეთანხმების ფინანს. ასპექტები, აგრეთვე ახ. წევრების მიღება. ვმო-ის სტრუქტურაში შედის სამდივნო, რ-ის ძირითადი მოვალეობაა ტექ. მხარდაჭერით უზრუნველყოს სხვადასხვა საბჭოები და კომიტეტები, აგრეთვე მინისტრთა კონფერენციები, ხელი შეუწყოს განვითარებად ქვეყნებში ვაჭრობის განვითარებას, ჩაატაროს მსოფლიო ვაჭრობაში მიმდინარე პროცესების ანალიზი და განუმარტოს საზოგადოებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ვმო-ის ძირითადი დებულებები. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს დავების გადაწყვეტის პროცესს სამართლებრივი მექანიზმებით და კონსულტაციებს უწევს იმ ორგანიზაციებს, რ-ებსაც სურთ ვმო-ში გაწევრიანება. საქართველო 2000 წ. 14 ივნისიდან გახდა ვმო-ის 137-ე სრულუფლებიანი წევრი. მასში გაწევრიანებით საქართველოზე ავტომატურად გავრცელდა ამ ორგანიზაციის ყველა წევრ-ქვეყანასთან ერთად უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი – გაუქმდა აკრძალვა ჩვენს საექსპორტო პროდუქციაზე, მოიხსნა კვოტები და სხვა შეზღუდვები; გაუმჯობესდა ქართ. ფირმებისათვის საზღვარგარეთ მუშაობის პირობები, რ-ებიც დაკავშირებულია წარმოების ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან, აქედან გამომდინარე – სხვა ეკონ. პროგრესთა-ნაც. ვმო-ში გაწევრიანებისას საქართველომ იკისრა სათანადო ვალდებულებები: საბაჟო ტარიფებში ცვლილებების შეტანა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირე-ბული ასპექტების რეგულირება, ტექ. ბარიერების გამოყენება (სტანდარტიზაცია-სერტიფიცირების, ლიცენზირების მექანიზმები), სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირება, სამთავრობო შესყიდვები, სამოქალაქო ავიატექ. და მისი სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა, სანიტ. და ფიტოსანიტარული წესების გამოყენება და სხვ. საქართველო მიუერთდა ბმული ტარიფების ცხრილებს, რ-ებიც წარმოადგენს საქონლის იმპორტზე საბაჟო ტარიფის იმ მაქს. განაკვეთების ჩამონათვალს, რ-თა გამოყენების უფლება აქვს სახელმწიფოს ვმო-იდან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე. საქართველომ ვმო-ის მოთხოვნებთან სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიზნით შეიმუშავა დიფერენცირებული, ლიბერალური სატარიფო რეჟიმი; გამარტივდა სავაჭრო პროცედურები; მოიხსნა რაოდენობრივი შეზღუდვა და სატარიფო და არასატარიფო კვოტები, სატარიფო ბაჟი ექსპორტზე და რეექსპორტზე; ექსპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. საქართველოს ვმო-ში გაწევრიანებამ ხელი შეუწყო პირდაპირი უცხ. ინვესტიციების მოზიდვას. საქართველო, როგორც ვმო-ის წევრი, ვალდებულია არ გამოიყენოს ანტიდემპინგური, საკომპენსაციო და დაცვითი ღონისძიებები მანამ, ვიდრე ვმო-ის მოთხოვნების გათვალისწინე-ბით ქვეყანაში არ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა. მნიშვნელოვანია აგრეთვე საქართველოს ურთიერთობა ვმო-თან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ამ მიმართულებით საქართვ. პარლამენტმა მიიღო კანონები: საპატენტო, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სასაქონლო ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრ. აღნიშვნების შესახებ, ინტეგრალური მიკროსქემის ტიპოლოგიისა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ. ინტელექტუალური საკუთრების სა-მართლებრივ დონეზე რეგულირებისათვის ცვლილებები და დამატებები შევიდა “სისხლის სამართლის კოდექსში”, “საბაჟო კოდექსში”, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და სხვა საკანონმდებლო აქტებში. საქართველოს მიმართ გამოიყენება შემდეგი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი: MFN (უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) ტარიფები ვმო-ის წევრ ქვეყნებთან; პრეფერენციული (შეღა-ვათიანი) ტარიფები აშშ-თან, კანადასთან, შვეიცარიასთან, იაპონიასთან და ა. შ.; განზოგადებული პრეფერენციების სისტემა (GSP+), მუქი ტექსტი რაც საქართველოს აძლევს უფლებას, ევროკავშირის ქვეყნებში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია; ვაჭრობაში ეკონ. თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ტექ. რეგულირების სისტემა, რაც შედეგად ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ვაჭრობაში ტექ. ბარიერების შემცირებას გამოიწვევს. ლიტ.: მესხია ი., საერთაშორისო ვაჭრობა, თბ., 2011; თოქმაზიშვილი მ., ვაჭრობა, წგ.: საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2012; Дюмулен И. И., Всемирная торговая организация, М., 2003. ი. მესხია. კ. ხმალაძე.