ვახვახიშვილების ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახვახიშვილების ციხე ფრაგმენტი.png


ვახვახიშვილების ციხე, XVIII საუკუნის ციხესიმაგრე თელავში, ბატონის ციხის აღმ-ით, ხევგაღმა. ალაყაფის კარის თავზე მოთავსებულ წარწერაში, რ-იც ახლა დაკარგულია, ნათქვამი იყო: “ჩვენ... გვარად ვახვახისამან ბაზიერთუხუცესის ძემან, თვით ბაზიერთუხუცესმან ზაალ და ძმამან ჩვენმან ვახუშტიმ აღვაშენეთ და სრულ ვყავით ზღუდე ესე და სახლ-სავანით გავაშენეთ და საყოფად ჩვენდა შევამზადეთ”. ეს მომხდარა 1743 წელს. ციხის გალავანში ჩართული იყო ექვსი კოშკი. მას შემდეგ, რაც ციხემ ფუნქცია დაკარგა, კოშკები საცხოვრებლად გადააკეთეს, ეზოში მდგარი სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ნაგებობა დაანგრიეს და ახლები ააგეს. ზოგიერთი კოშკი ისეა გადაკეთებული, რომ თავდაპირველი სახის წარმოდგენა შეუძლებელია. ჩრდ. გალავნის შუა ნაწილზე მდგარი კოშკის ნაშთიც კი აღარ არის. დარჩენილი კოშკებიდან ოთხი კუთხეებშია განლაგებული. მეხუთე – აღმოსავლეთის ვიწრო კედლის შუაშია და ორიგინალურადაა გადაწყვეტილი. ალაყაფის კარი დას-ით ყოფილა. მას ორი მხრიდან გზები ადგებოდა. ციხის მაღალი გალავანი ორიარუსიანია. ზედა იარუსზე სათოფურებია დატანებული.

ლიტ.: ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობები, თბ., 1962.                     პ. ზაქარაია.