ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი), იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი), იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძე. თავისი უფროსი ძმის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის პირველ წლებში უკმაყოფილო ვ. ბ. ამალით ქართლს გაიქცა. მეფე დაედევნა და 1512 მოხისთან დაამარცხა იგი. ქართლის მეფის დავით X-ის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ. შემდეგში ვ. ბ. მეფის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო. 1547, როდესაც ოსმალები გურიაში შეიჭრნენ, როსტომ გურიელმა დახმარებისათვის მიმართა ბაგრატ III-ს და ლევან I დადიანს. ბაგრატმა გურიელს ვ. ბ-ის მეთაურობით 500 მხედარი მიაშველა, მაგრამ რადგან დადიან-გურიელის შეერთებაში საფრთხეს ხედავდა, ვახტანგს დაავალა, არ დაეშვა მთავართა გაერთიანება. ვახტანგმა წარმატებით შეასრულა ძმის დავალება, დადიანს შეუთვალა – ჩემ ძმას და გურიელს პირი აქვთ შეკრული, თუ “შეიკრიბნეთ... მოგაკვდინებენ ანუ შეგიპყრობენ”. დადიანი შეშინდა და უკან გაბრუნდა. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: კაკაბაძე ს., საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1920; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. ო. სოსელია.