ვახტანგ მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი) (დ. 25. X. 1953, სოფ. ლასურა, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე. სწავლობდა და მსახურობდა კიევის უმაღლეს სამხ.-საინჟ. საავიაციო სასწავლებლის სამხ. ძალებში. 1975–78 სწავლობდა მცხეთის სას. სემინარიაში. 1977 ეკურთხა დიაკვნად და დადგინდა თბილ. სიონის ტაძრის ღვთისმსახურად. 1978 ვ. მ. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა თბილ. ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრად. მოგვიანებით მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახური იყო. 1980 წ. 15 ოქტომბერს დეკანოზის ხარისხი მიენიჭა. 1982 წ. 1 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1982 წ. 2 აგვისტოს სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა ეპისკოპოსად და დაადგინა აგარაკ-წალკის ეპარქიაში. ვ. მ. 1984-იდან განაგებდა ჭყონ-დიდის, ხოლო 1988-იდან – ურბნისის ეპარქიებს, 1992 იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1995-იდან იყო სამთავისისა და გორის ეპარქიის, 2001 – საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის მმართველი, ხოლო 2002 წ. 17 აგვისტოდან განაგებს მარგვეთისა და უბისის ეპარქიას. 2009 ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი. ვ. მ. 2007 წ. 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით.