ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (22. VI. 1761 – 28. X. 1814, პეტერბურგი), ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე. ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ საუფლისწულოდ მიიღო არაგვის საერისთავო, აქტიურად მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში მხარს უჭერდა ძმებს – იულონს და ფარნაოზს, ოპოზიციაში ედგა უფროს ძმას, გიორგის. 1802 რუსთა წინააღმდეგ თავადაზნაურთა გამოსვლის პერიოდში რუსებმა შეიპყრეს და დარეჯან დედოფალთან ერთად ავლაბრის სასახლეში დაატუსაღეს; 1803 თებერვალში სამეფო სახლის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გაასახლეს. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში. ვ. ბ-მა განაახლა კანონმდებლობა არაგვის საერისთავოსათვის “განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა” და სხვ. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე მისმა ეპისტოლურმა მემკვიდრეო-ბამ. თხზ.: ისტორიებრი აღწერა ღირსთა ხსომისა შემთხვეულებათა საქართველოსა..., ს. კაკაბაძის გამოც., ტფ., 1914; Обозрение истории грузинского народа, СПб., 1914. წყარო და ლიტ.: ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941; იოსელიანი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტსისა, ა. გაწერელიას გამოც., ტფ., 1936; ფუტკარაძე ი., ქართველ მთიელთა სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1964; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. დ. მეგრელაძე.