ვახტანგ II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ II, აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289–92, დავით VI ნარინის ძე. მეფედ დასვა არღუნ ყაენმა ხუტლუბუღას რჩევით იმ ანგარიშით, რომ იგი დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღებდა დას. საქართველოს ტახტსაც. ამ გზით მონღოლთა მფლობელობაში გაერთიანდებოდა ლიხსიქითა საქართველოც. ვ. II-ის აღმზრდელი ყოფილა მწიგნო-ბარი ვინმე ფარსმანის შვილი. ვ. II დინჯი და წინდახედული მმართველი, ქვეშევრდომების მიმართ მოწყალე და გულუხვი, მართლმსაჯულების პირუთვნელი დამცველი გამოდგა. მან თვითონ აიღო ხელში ქვეყნის მმართველობა და ხუტლუბუღას თვითნებობის უფლება არ მისცა, ამის გამო მათ შორის მტრობა ჩამოვარდა. ხუტლუბუღამ ვახტანგს დემეტრე II-ის ვაჟი დავითი (შემდგომში დავით VIII) დაუპირისპირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ვ. II მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში. წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). ნ. ასათიანი.