ვახტანგ III

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ III, საქართველოს მეფე 1298/1299 და 1302–08. დემეტრე II თავდადებულის ძე, დავით VIII-ის უმცროსი ძმა. ყაზან ყაენის წინააღმდეგ დავით VIII-ის აჯანყების და-საწყისშივე გაგზავნეს ელჩად ოქროს ურდოში თოხთამიშ ყაენთან. ელჩობა წარმატებით დამთავრდა, მაგრამ უკან გამობრუნებული ვახტანგი გზაში ირანის ილხანებმა დაატყვევეს. ყაზან-ყაენმა იგი მეფობის აღთქმით, თავის მხარეზე გადაიბირა და დავით VIII-ის საპირისპიროდ საქართველოს მეფედ დანიშნა, დავით VIII-მ შეძლო მისი დაპატიმრება და ჟინვანის ციხეში გამოკეტა. ივანე ბურსელის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ, მაგრამ მათ შორის ნდობა მაინც ვერ აღდგა. 1302 ვ. III ყაენს ეახლა. ყაენმა იგი ხელახლა დაამტკიცა მეფედ, მაგრამ ფაქტობრივად მას მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი ექვემდებარებოდა. ვ. III ქართულ ჯართან ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობებში სირია-პალესტინაში, გილანში, მონაწილეობდა დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლებშიც, მაგრამ როგორც მემატიანე შენიშნავს: “არათუ ვახტანგ მტერ იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება”. გარდაიცვალა მუცლის სალმობით. დაკრძალულია დმანისში. წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987; Рашид-ад-Дин, Джами-აт-Таварих (сборник летописей), III, пер. с персидского А. К. Арендса, Баку, 1957. ლიტ.: კიკნაძე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989; ნინიძე დ., ვახტანგ III-ის გარდაცვალების თარიღისათვის, «ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები», XVI, თბ., 1987; მის-ივე, XIV საუკუნის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი, «თსუ შრომები», 1989, ტ. 283; მისივე, საქართველოს “მრავალმეფიანობის” ხანის (1298–1318) დიპლომატია, კრ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, I, თბ., 1994; მისივე, პროვინციის მეფეები XIV–XV სს. საქართველოში, თბ., 1995; სიხარულიძე ი., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII–XIV სს., თბ., 1967; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). ნ. ასათიანი.