ვახტანგ VI

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Vaxtang VI მინიატურა ფრაგმენტი.png


ვახტანგ VI (15. IX. 1675 – 26. III. 1737, ასტრახანი, დაკრძალულია იქვე, კრემლის მიძინების ტაძარში), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703–14, მეფე – 1716–24. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. პოეტი, მეცნიერი და სჯულმდებელი, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. მამამისი, ლევანი, ვახტანგ V-ის ვაჟი იყო; დედა, თუთა – ქაიხოსრო გურიელის ასული. სამი წლის ვახტანგს დედა გარდაეცვალა და მას დედინაცვალი, თინათინ ავალიშვილი ზრდიდა. სწავლა-განათლება და სამხ. წვრთნა ვ. VI-მ ბიძის, გიორგი XI-ის, კარზე მიიღო. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო მომავალი მეფის აღზრდას ს.-ს. ორბელიანმა. ვ. VI ჭაბუკობის ასაკიდანვე აქტიურად ჩაება ქართლის ტახტის გარშემო გაჩაღებულ შინაპოლიტიკურ ბრძოლაში, სადაც ირანის ბატონობის მომხრე და მისი მოწინააღმდეგე ძალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ქართ. პატრ. ძალებთან ერთად იგი გიორგი XI-ის მხარეზე დადგა. გარედან სამხ. დახმარების მისაღებად 18 წლის ვ. VI, გიორგი XI-ის დავალებით, საშამხლოში გაემგზავრა და მოლაპარაკება გამართა შამხალთან; ჩერქეზების მისამხრობად, ბიძის ნებით, 1695 ცოლად შეირთო ჩერქეზი ბატონის ასული რუსუდანი. ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა გიორგი XI-ის მარცხით დამთავრდა, რის შემდეგ ქართლის მესვეურებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს. მათ შაჰის კარზე პოლიტ. გავლენის მოპოვება და მისი საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება სცადეს. 1703, როდესაც შაჰმა გიორგი XI-ს კვლავ ქართლის მეფობა უბოძა, მის მოადგილედ (ჯანიშინად), მისივე თხოვნით, ვ. VI დაამტკიცა. ირან. კარზე გავლენიან ქართველთა მხარდაჭერითა და მაჰმადიანი მეფის ზურგს ამოფარებული “ჯანიშინი” ქართლში წარმატებით შეუდგა “ქართველობისათვის” ბრძოლას: გადააყენა ერეკლე I-ის მომხრე ირანოფილი მოხელეები და სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი, საეჭვო ელემენტები, მათი ადგილები კი ქვეყნისა და მეფის ერთგული ადამიანებით შეავსო; გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები და აღადგინა ქართ. ეროვნ. წეს-ჩვეულებები; 1705 მოიწვია საეკლ. კრება, რ-მაც ქართლის კათოლიკოსად ვ. VI-ის ძმა – დომენტი აირჩია (იხ. დომენტი IV); ცენტრ. ხელისუფლების განმტკიცების მიზნით და თავადური სეპარატიზმის დასათრგუნად “მცველთა ჯარი” გაიჩინა; 1707 წარმატებით ილაშქრა დვალეთში, ხოლო 1711 – ოსეთში. ამით ჩრდილოეთის მომთაბარეთაგანაც დაიცვა თავი, სახელმწ. საზღვარიც გაამაგრა და ქსნისა და არაგვის საერისთავოების ზურგში მოქცევით ამ უკანასკნელებს ურჩობის ხალისი დაუკარგა; თბილ. ყიზილბაში ციხისთავები ქართველებით შეცვალა, რის შემდეგ ტყვის სყიდვაც აკრძალა. ირანის სამსახურში მყოფი ქართვ. სარდლებით და დიდმოხელეებით დავალებული შაჰი იძულებული იყო შერიგებოდა ვ. VI-ის სითამამეს, ზოგჯერ კი მხარიც დაეჭირა მისთვის. “ქართველობისა” და ქრისტიანობის აღდგენისათვის ნაყოფიერმა მოღვაწეობამ ვ. VI-ის ავტორიტეტი დიდად გაზარდა მთელ საქართველოსა და ქრისტ. კავკასიაში. ვახუშტი ბატონიშვილის მოწმობით, ვ. VI-ს მორჩილებდნენ იმერნი და უსმენდნენ კახნი. საქართვ. ამ მხარეების მეტად დასაკავშირებლად მან დინასტიური ხასიათის ღონისძიებებსაც მიმართა. 1712 თებერვალში თავისი ქალიშვილი, თამარი, კახთ ბატონიშვილს, თეიმურაზ ერეკლეს ძეს, მიათხოვა, ხოლო მეორე ქალიშვილი, ანუკა ბატონიშვილი – იმერეთის გავლენიან თავადს ვახუშტი აბაშიძეს. ამ დროისათვის გიორგი XI-ისა და ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსროს ტრაგიკული დაღუპვის გამო შაჰის კარზე ქართლის მეფის ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის შერჩევის საკითხი დადგა. შაჰმა თავისი არჩევანი ვ. VI-ზე შეაჩერა, მაგრამ აუცილებელ პირობად გამაჰმადიანება დაუდო. 1712 აპრილში, 300 კაცის თანხლებით, ვ. VI ისპაანს გაემგზავრა. მასთან იყო ს.-ს. ორბელიანიც. ირანი მწვავე შინაგან კრიზისს განიცდიდა. უკანასკნელ სეფიანთა უძლურება ვ. VI-ს ირანისაგან განთავისუფლების იმედს უსახავდა. ირანის სისუსტით სარგებლობას ცდილობდნენ თურქეთი და რუსეთიც. თურქეთს კავკასია – აზერბაიჯანის დაპყრობა და ამით მისთვის მიუღებელი რუსეთ.-ირანის სავაჭრო მაგისტრალის (ვოლგა – ასტრახანის გზის) გადაკეტვა სურდა, რუსეთს კი – კასპიისპირეთის დაპყრობა, რათა აზიაში მიმავალ სავაჭრო გზებზე კონტროლი დაეწესებინა. ირანის ვასალი, ქართლის სამეფო ამ ორი დიდი სახელმწ. ეკონ. და პოლიტ. ინტერესების გადაკვეთის გზაზე აღმოჩნდა, რის გამოც ორივე დაპირისპირებული მხარე ვ. VI-ის მიმხრობით დიდად იყო დაინტერესებული. XVII ს. II ნახ-იდან საქართველოში კათოლიკე მისიონერები და დასავლეთის სავაჭრო-პოლიტ. აგენტები გააქტიურდნენ. საფრანგეთისა და ვატიკანის ზოგი გავლენიანი პირი იზიარებდა ამიერკავკასიაში დიდი კათოლ. სახელმწიფოს შექმნის გეგმას. ვ. VI უაღრესად საპასუხისმგებლო არჩევანის წინაშე დადგა. ირანი თუ მისთვის “ფოცხვერი” იყო, თურქეთს ის “ბაბრს” (ჯიქს) უწოდებდა. მახლობელი აღმოსავლეთის ასპარეზზე ახ. პოლიტ. ძალების გამოჩენა ვ. VI-ს საგარეო ორიენტაციის შესაცვლელად იწვევდა. ჩანს, ამიტომაც ქართლის ტახტის “ქრისტიანობით დაუფლებას” ის პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ირანის შაჰი, მართალია, ქართლის ვალის ბევრს უთმობდა, მაგრამ თავისი ქვეშევრდომის “მაჰმადიანობით დამტკიცებას” მისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ვ. VI დიდ პოლიტიკაში ჩათრეული აღმოჩნდა. ირანში მყოფმა ვ. VI-მ ევრ. მონარქებთან დაკავშირება და მათგან დახმარების მიღება სცადა. ამ მიზნით 1713 შემოდგომაზე ს.-ს. ორბელიანი პარიზსა და რომში გაემგზავრა ლუი XIV-სა და პაპ კლიმენტი XI-თან შესახვედრად. “სიჯიუტისათვის” შაჰმა ვ. VI ქირმანში გადაასახლა, ხოლო მისი გამაჰმადიანებუ-ლი ძმა, იესე, 1714 ქართლის მეფედ დანიშნა. ირანთან თანხმობის პერიოდში მიღწეული წარმატებები თანდათან გაფერმკრთალდა, ქვეყანა უკან იხევდა, ყიზილბაშური წესები კვლავ თავს იჩენდნენ. სულხან-საბა 1716 ევროპიდან ხელცარიელი დაბრუნდა. იმავე წელს ფარაბადში ვ. VI-მ მაჰმადიანობა მიიღო და ქართლის ტახტი დაიბრუნა, მაგრამ შაჰმა ვ. VI ირანში დაიტოვა და ბარდა და თავრიზი მისცა სამმართველოდ, ქართლის სამეფო კი მის შვილს – ბაქარს ჩააბარა, რ-იც სამეფოს მამის ჩამოსვლამდე მართავდა. 1719 ვ. VI ქართლში დაბრუნდა და ირანისგან თავის დახსნის სამზადისს შეუდგა. ამ სამზადისში უმთავრესად ადგილი ეთმობოდა რუსეთთან კავშირს და პეტრე I-ის ახლოაღმოსავლური პოლიტ. პროგრამის რეალიზაციისათვის ხელის შეწყობას. პროგრამით იგეგმებოდა ამიერკავკასიაში ბუფერული ქართულ-სომხური ძლიერი ქრისტ. სახელმწიფოს შექმნა ვ. VI-ის მეთაურობით, რ-იც შეძლებდა თურქეთისათვის გზის გადაღობვას და არ დაუშვებდა მის გაჭრას კასპიისპირეთის რუს. სამფლობელოებისაკენ. 1719–20 ასტრახანის გუბერნატორმა ა. ვოლინსკიმ, პეტრე I-ის დავალებით, ვ. VI-თან მო-ლაპარაკება დაიწყო სამხ.-პოლიტ. კავშირის დასადებად. ქართლის სამეფოს დარბაზის წევრთა უმეტეს ნაწილს სახიფათოდ მიაჩნდა დასახული გეგმა, რამდენადაც მისი გამჟღავნების შემთხვევაში საქართველოს მრავალრიცხოვანი მტრები რუს. ლაშქრის მოსვლამდე ააოხრებდნენ ქვეყანას. ვ. VI-ის ამ პოლიტ. კურსის მოწინააღმდეგე, ჩანს, დ. გურამიშვილიც იყო, რ-იც მეფის გადაწყვეტილებას ასე აფასებდა: “მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება” (იხ. თბილისის თათბირი 1722). 1721 ნოემბ. პეტრე I და ვ. VI ერთობლივ საომარ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. 1722 აგვისტოში რუსთა ჯარმა კასპიისპირეთში მოქმედება დაიწყო. იმავე ხანებში, ირანზე გალაშქრების მიზნით, თურქეთმა ვ. VI-ს სამხ. კავშირი შესთავაზა, რისთვისაც მთელ საქართველოს ჰპირდებოდა. შაჰმა, თავის მხრივ, ვ. VI-ს აჯანყებული ლეკების დასასჯელად შირვანს გალაშქრება უბრძანა. ქართლის მეფემ შაჰის ბრძანება პეტრე I-თან შეთანხმებული გეგმის საფარად გამოიყენა და აგვისტოს ბოლოს ქართველთა ლაშქრით განჯისაკენ გაემართა, სადაც მისივე ძალისხმევით ორგანიზებული სომხ. ლაშქარი შეუერთდა. რუს. ჯარი ვ. VI-ის ლაშქარს დარუბანდსა და ბაქოს შორის უნდა შეერთებოდა, ამიტომ რუსების შირვანში გამოჩენამდე ვ. VI განჯაში იცდიდა. ცდა ერთობ გახანგრძლივდა, დარუბანდს მიღწეუ-ლი პეტრე I-ის ჯარი უკან, ასტრახანში გაბრუნდა. ირანის “ვალის” აჯანყება აშკარად გაცხადდა, რითაც ვ. VI-მ მთელი მაჰმადიანური სამყარო აიმხედრა. შაჰმა ვახტანგი გადააყენა და ქართლი კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს უბოძა. მეფეს შინაურების მნიშვნელოვანი ნაწილიც განუდგა. 1723 წ. 4 მაისს გამაჰმადიანებულმა კონსტანტინემ ლეკთა დაქირავებული ლაშქრით თბილისი აიღო, იმავე წლის ივნისში კი თურქები თბილისს მოადგნენ და აღმ. საქართველო და სომხეთი დაიკავეს. 1724 კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით რუსეთმა ცნო თურქეთის უფლება მთელ ამიერკავკასიაზე, კასპიისზღვისპირა ვიწრო ზოლის გარდა, რ-იც თავისთვის შეინარჩუნა. 1724 ივლისში ვ. VI, დიდი ამალით (1214 კაცის შემადგენლობით), რაჭის გავლით რუსეთში გაემგზავრა, იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდებოდა რუსთა ჯარით და სამშობლოს ირანისა და თურქეთის ბატონობისაგან გამოიხსნიდა. ქართლი ერთბაშად დაიცალა მოწინავე გონებრივ მუშაკთაგან და აქ დიდი ხნით შეწყდა კულტ. მოღვაწეობა. ქართვ. ემიგრანტები, მ. შ. ვ. VI-ც, მალე რუს. სამსახურში აღმოჩნდნენ ჩაბმულნი, მათი შთამომავალნი კი მომდევნო წლებში რუს. პოლიტ. ინტერესების ყველაზე აქტ. დამცველები გახდნენ. რეშთისა (1732) და განჯის (1735) ხელშეკრულებებით რუსეთმა ირანს დაუბრუნა კასპიისპირა პროვინციები. ამიერკავკასიის პრობლემები კარგა ხნით გამოვიდა რუს. პოლიტ. ინტერესების სფეროდან. ვ. VI-ის ძალისხმევით გაცოცხლებული და მოშენებული ქვეყანა დიდ სახელმწიფოთა ჭიდილში ჩართვამ ერთიანად დააქცია. ნაყოფიერი იყო ვ. VI-ის მიერ სოც. ურთიერთობათა მოწესრიგებისა და ქვეყნის სამეურნეო-ეკონ. და კულტ. დაწინაურებისათვის გატარებული ღონისძიებები. ძვ. მივიწყებული სარწყავი არხების აღდგენასთან ერთად დაიწყო ახ. არხებისა და რუების მთელი სისტემის მშენებლობა ქციისა და მაშავრის ხეობებში, ყარაიის ველზე და სხვაგან. არხების მშენებლობას თან სდევდა უდაბური ადგილების მოშენება, დაუსახლებელ ტერიტორიებზე ახ. დაბებისა და სოფლების გაჩენა, მოსახლეობის მომრავლება. დიდი სამუშაოები ჩატარდა გზების, ხიდების, ქარვასლების, სასახლეთა და ეკლესია-მონასტრების აღდგენა-აშენებისათვის. თბილისში აიგო მეფის დიდებული სასახლე.

ვახტანგ VI.png

ვ. VI-ის ინიციატივით და აქტ. მონაწილეობით დამუშავდა ორიგინ. ქართული ადმ.-სამეურნეო წესდება დასტურლამალი, რ-მაც ხელი შეუწყო სახელმწ. ეკონ. საფუძვლების გამტკიცებას. მისივე თაოსნობით შეიქმნა კანონთა კრებული, რ-ის ძირითადი ნაწილი – “სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” მნიშვნელოვნად აწესრიგებდა სოც. ურთიერთობას ქვეყანაში. ვ. VI-ის სამართლის კანონებისა და “დასტურლამალის” ნორმებით ხელმძღვანელობდნენ როგორც ქართლის სამეფოში, ისე კახეთსა და იმერეთშიც. ვ. VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქართ. მეცნიერებისა და კულტ. აღორძინებით. აღსანიშნავია ვ. VI-ის ღვაწლი საქართველოში ასტრონ., ქიმ., მედ., ლექსიკოგრაფიის, ისტორიო-გრაფიის, გეოგრ. და მეცნ. სხვა დარგების განვითარებაში. ვ. VI-ის სახელთანაა დაკავშირებული განათლებულ მეცნიერთა დასის – სწავლულ კაცთა კომისიის დიდი კულტ. საქმიანობა. მრავალ ღონისძიებათა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვ. VI-ის თაოსნობით 1709 თბილისში პირველი ქართ. სტამბის დაარსება. ამ სტამბაში 1712 პირველად დაიბეჭდა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” მეცნ.-კრიტ. ტექსტი საფუძვლიანი გამოკვლევითურთ, რ-შიც განხილულია თეორ. საკითხები – პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობა და სხვ. ნაშრომი საგულისხმოა ლექსიკოლოგიური თვალსაზრისითაც. ვახტანგისეული გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც პირველი მცდელობა, პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მეცნ. რუსთველოლოგიას. ვ. VI-ს წვლილი მიუძღვის ქართ. დიდაქტ. მწერლობის განვითარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებურ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. მან თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტ. ლიტ-რის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუს. თხზულების “აპოფთეგმატას” ე. თურქესტანიშვილისეული მოკლე რედაქცია (“სიბრძნე მალაღობელი”), თარგმნა “ქილილა და დამანა”, “ამირ-ნასარიანი” და სხვ. ვ. VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რ-იც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირჩევა. ძვ. ქართ. მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრ. ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი – “მდურვა სოფლისადმი”. ვ. VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა; სიყვარულის ერთადერთ საგნად დასახულია უმაღლესი რეალობა, როგორც ეს ქრისტ. თეოლოგიაშია მიჩნეული, ღვთაებრივი სინამდვილე. ამ ე. წ. “საღვთო მიჯნურობის” კონცეფციით სცადა მან “ვეფხისტყაოსანში” სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვ. VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება პოვა ქართ. პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრ. სახეებსაა მოკლებული. მის ლირ. შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდ. ადამიანური განცდები (“რანი და მოვაკანი და ...”), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა (“რა სჯობს მაისში ტფილისსა ...”) და სხვ. თხზ.: ლექსები და პოემები, ალ. ბარამიძის რედ., თბ., 1975; ვახტანგ VI-ის წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა, თ. ენუქიძისა და ვ. კოკოჩაშვილის რედ., თბ., 1981; სამართალი ვახ-ტანგ მეექვსისა, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1981. წყარო: გურამიშვილი დ., დავითიანი, თბ., 1964; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; თამა-რაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; ჩხეიძე ს., ცხოვრება მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854; Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями, Спб., 1861. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გაწერელია ა., მასალები ვახტანგ VI-ის ბიოგრაფიისათვის, «მნათობი», 1957, #12; დონდუა ვ., ვახტანგ VI-ის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან (1712–1745), «მიმომხილველი», 1953, ტ. 3; პაიჭაძე გ., ვახტანგ VI, თბ., 1975; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ქიქოძე მ., ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1988; ჯავახიშვილი ივ., დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII ს-ში, ტფ., 1919; Лысцов В. П., Персидский поход Петра I (1722–23 гг.), М.,1951; Маркова О. П., Россия, Закавказье и международные отношения в XVIII в., М., 1966. გ. მაისურაძე. ს. ცაიშვილი.