ვახუშტი ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახუშტი ბატონიშვილი ბაგრატიონი.png


ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1696, თბილისი, – 1757, მოსკოვი), ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი. ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (1700–57) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. განათლება მიიღო ქართლის სამეფო კარზე იესე და გიორგი გარსევანიშვილებთან, რ-თაგან ქართ. ტრად. “საღმრთო და საერო” გან-სწავლულობა შეიძინა. სწავლობდა აგრეთვე თბილისში მცხოვრებ კათოლიკე მისიონერებთან (ლათ. და ევრ. ენები, ისტორია, გეოგრაფია, გრამატიკა, მათემატიკა, ასტრონომია). 1717–24 აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაში. 1717 სარდლობდა ლაშქარს მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქსნის ერისთავის დასამორჩილებლად. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა, როგორც ლაშქრის ერთ-ერთმა სარდალმა, სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1721 დაინიშნა ქვემო ქართლის ანუ მეწინავე სადროშოს სარდლად და მეფის დავალებით ჩაატარა სადროშოს მოსახლ. აღწერა. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლს განაგებდა. ვ. ბ. ბევრს მოგზაურობდა (კახეთი, იმერეთი). კარგად იცნობდა საქართვ. ეკონ. ვითარებას, ქართლის სამოხელეო წესწყობილებას, მეფის სამდივანმწიგნობრო საბუთებს, აგროვებდა საქართვ. ისტ. და გეოგრაფიისთვის მასალას, შედგენილი ჰქონდა სათანადო რუკები. 1724 ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა. სხვა ქართვ. ემიგრანტებთან ერთად ვ. ბ. დასახლდა მოსკ. განაპირა უბანში – პრესნიაზე და აღსრულებამდე იქ ცხოვრობდა თავის მრავალშვილიან ოჯახთან ერთად (ვ. ბ-ის მეუღლე იყო იმერეთის ცნობილი ფეოდალის, გიორგი აბაშიძის, ასული მარიამი). რუსეთში ცხოვრების პერიოდში იგი აქტიურად ჩაება სამეცნ. მუშაობაში. ეცნობოდა რუს. და ევრ. საისტ. და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. 1752 მან რუსულიდან ქართულად თარგმნა “მოკლე პოლიტიკური გეოგრაფია” 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად (ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავის სემინარიაში). ვ. ბ. ჩართული იყო რუს. სამეცნ. ცხოვრებაში; მ. ლომონოსოვთან ერთად ითვლებოდა მოსკ. უნ-ტის (1755) ერთ-ერთ დამაარსებლად. მისი დამსახურება აღნიშნული იყო მოსკ. უნ-ტის კედელზე მიმაგრებულ მარმარილოს დაფაზე, რ-ზეც ოქროთი მოვარაყებული ასოებით ამოჭრილი იყო უნ-ტის დამფუძნებელთა სახელები. XX ს. დასაწყისში ეს მარმარილოს დაფა ჯერ კიდევ არსებობდა, ისევე როგორც ვახუშტის ბიუსტი, რ-იც უნ-ტის სააქტო დარბაზის ვესტიბიულში მდგარა. ვ. ბ-მა მანამდე მოპოვებული დიდძალი საისტ. მასალის საფუძველზე 1742–45 მოსკოვში დაწერა სამეცნ. ნაშრომი “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, რ-იც მოიცავს საქართვ. ისტორიას “დასაბამიდან” 1745-მდე და მის გეოგრ. აღწერილობას პროვინციათა მიხედვით. გარდა ამისა, ვახუშტის მიერ შედგენილია ორი გეოგრ. ატლასი: პირველი (1735) რვა რუკისაგან შედგებოდა (შემორჩენილია 5), ხოლო მეორე (როგორც ჩანს, შედგენილია XVIII ს. 40-იანი წწ. დასაწყისში) შეიცავს ცხრამეტ რუკას, რომელთაგან ორი საქართველოს საერთო რუკაა. ორივეზე გამოსახულია მთელი კავკასია, ხოლო დანარჩენი რუკები საქართველოს ცალკეულ მხარეებს ეძღვნება. ვ. ბ-ის რუკებს ავტორის სიცოცხლეშივე მაღალი შეფასება მისცეს ევრო-პელმა კარტოგრაფებმა. ისინი თარგმნეს ფრანგ. და რუს. ენებზე და XVIII ს-ში გამოიყენეს ევრ. რუკების შესადგენად. ვ. ბ. კარგად იცნობდა როგორც “ძველი ქართლის ცხოვრების” ნუსხას, ასევე ვახტანგ VI-ის “სწავლულ კაცთა” შემოქმედებასაც, მაგრამ კრიტიკულად აფასებდა და აღნიშნავდა მათ ნაკლს (თხრობის წინააღმდეგობრიობა, ქრონოლოგიის თითქმის სრული უქონლობა). სწორედ ამ მიზეზთა გამო და ვახუშტისეული კრიტ. თვალსაზრისის საფუძველზე შეიქმნა მისი ზემოხსენებული მონუმ. ნაშრომი, რ-ის შესავალში მას ჩამოყალიბებული აქვს ევრ. ისტორიოგრაფიის შესწავლის საფუძველზე შემუშავებული მეთოდოლ. დებულება, რომ “მატიანე” (ისტ. მეცნიერება) ოთხ ასპექტს მოიცავს: “ადგილის აღწერა” (გეოგრაფია), “ნათესავთმეტყველება” (ეთნოგენეზი და გენეალოგია), “წლისმრიცხველობა” (ქრონოლოგია) და “მოქმედების აღწერა” (პოლიტ. ისტორია). უკვე ამით ვ. ბ. ნოვატორად გვევლინება ქართ. ისტორიოგრაფიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მან “ადგილის აღწერა” ანუ გეოგრაფია ისტ. სამსახ-ურში ჩააყენა და, ამდენად, ფაქტობრივად პირველმა აღიარა ისტ. გეოგრ. საჭიროება. ნიშანდობლივია მისი კვლევის მეთოდიც: მეცნიერი იყენებს ძვ. და შუა საუკუნეების მსოფლიო ისტორიის კარგად დათარიღებულ ცნობილ ფაქტებს, ცდილობს მიუსადაგოს ისინი საქართვ. ისტ. მოვლენებს და ამით ქრონოლოგიურად გამართოს იგი. ამ მხრივ უაღრესად ფასეულია ვრცელი ქრონოლ. ცხრილი, რ-იც ასახავს საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისტ. სინქრონულ მოვლენებს. ეს ცხრილი, რ-იც ბოლოს ერთვის მის ნაშრომს, თანამედროვე ფუნდამენტურ ისტ. გამოკვლევასაც კი დაამშვენებდა. ვ. ბ. იცნობდა არა მხოლოდ შუა საუკუნეების ბერძენ ქრონოგრაფებს და აღმოსავლელ მუსლიმ მემატიანეებს, არამედ ანტ. ხანის მოაზროვნეებსაც: პლატონს, ციცერონს, პლინიუსს. კარ-გად იცნობდა თანადროულ ევრ. ისტორიოგრაფიასაც. თავისი ისტორიის საშენ მასალად იყენებდა არა მხოლოდ მემატიანეებს, მეფეთა თუ ფეოდალთა საგვარეულო სიგელ-გუჯრებს თუ სხვა დოკუ-მენტურ მასალას, არამედ ძვ. ქართ. ეპიგრაფიკას, მატერ. ძეგლებს, თქმულებებს და ანდაზებსაც კი. ვ. ბ. პირველი ქართვ. ისტორიკოსია, რ-მაც საგანგებოდ წარმოგვიდგინა ძვ. ერთიანობის დროინდელი საქართვ. საზ-ბის კლასობრივი სტრუქტურა. მისთვის უცხო არ არის ევოლ. თვალსაზრისი ძვ. ქართ. სახელმწიფოებრივი თუ სოც. წყობის შესახებ. ამ მხრივ, მეცნიერი არსებითად განსხვავდება შუა საუკუნეების დროინდელ მემატიანეთაგან, რამდენადაც მისი თხრობა მხოლოდ ნარატიული ხასიათის კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანწილად ანალიტიკური შინაარსისაა. სწორედ ასეთი მაღალმეცნიერული თვალსაწიერიდან შეძლო მან ქვეყნის სახ-ელმწიფოებრივი და საზ. ევოლ. იმ მიჯნების შემჩნევა, რ-თა საფუძველზეც ხერხდება ამა თუ იმ ქვეყნის ისტ. განვითარების პროცესის პერიოდიზაცია. ვ. ბ. საქართველოს სახელმწიფოს ისტორიას ორ პერიოდად ყოფს: პირველი, ეს არის ერთიანი საქართველოს მონარქიის წარმოქმნისა და არსებობის ეპოქა; მეორე – საქართველოს ფეოდ. დაქუცმაცებულობის პერიოდი. ასეთი პერიოდიზაციის საფუძვლად მეცნიერი მხოლოდ პოლიტ. განვითარებას კი არ გულისხმობს, არამედ სახელმწ. წესწყობილების, სოც. სტრუქტურის და თვით ხალხის ზნე-ჩვეულებათა ცვლილებებსაც. ამდენად, ვ. ბ. იყო არა შუა საუკუნეების ტიპის ქრონოგრაფი თუ მემატიანე, არამედ ჭეშმარიტი მეცნიერ-ისტორიკოსი, რ-იც ფლობდა მისი თანადროული ევრ. ისტორიოგრაფიის მეთოდოლ. მიღწევებს და წარმატებით იყენებდა მათ საქართვ. ისტ. შესამუშავებლად. ვახუშტის ნაშრომის გეოგრ. ნაწილი არის პირველი ცდა საქართვ. ტერიტორიის სისტემ. და, შეიძლება ითქვას, დეტალური გეოგრ. აღწერისა და ამდენად იგი, ფაქტობრივად, საქართვ. გეოგრ. მეცნიერების ფუძემდებელია. ნაშრომში განხილულია ხუთი პოლიტ.-ეთნ. ერთეულის (ქართლისა და კახეთის სამეფოების, სამცხე-საათაბაგოს, დას. საქართველოს და კავკასიონის მაღალმთიანი ჩრდ. კალთის) ბუნებისა და მოსახლ. თავისებურებანი. აღწერილობაში თითოეული ადგილის გეოგრ. დახასიათება ჩამოყალიბებულია კომპაქტურად, შემდეგი თანამიმდევრობით: ტერიტ. საზღვრები და მდებარეობა, ბუნებრივი პირობების დახასიათება, ცნობები მოსახლ. და მეურნ. შესახებ, ისტ.-კულტ. ძეგლების მოკლე მიმოხილვა და ა. შ. ვ. ბ-ს საკუთარი, სრულიად გარკვეული მოძღვრება ჰქონდა შემუშავებული საქართვ. გეობოტანიკური არეების ზონალური გავრცელების შესახებ. ამ თვალსაზრისით მის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა ნახევარი საუკუნით უსწრებს წინ ევროპაში შექმნილ ასეთსავე მოძღვრებას. ამ გეობოტან. კონცეფციით საქართვ. ტერიტორიის “მთად” და “ბარად” დანაწევრება გუ-ლისხმობდა არა მხოლოდ მისი ზედაპირის გეომორფოლ. თვისებებს, არამედ სას.-სამ. ზონებად დაყოფასაც. ვ. ბ. განსაკუთრებით უსვამდა ხაზს საქართველოს ფიზ. და ეკონ. გეოგრაფიის ისეთ თავისებურებას, როგორიცაა მთისა და ბარის ზონათა ურთიერთსიახლოვე და მჭიდრო სამეურნეო კავშირი, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართვ. პოლიტ. ისტორიისათვის.

საქართველოს ატლასი.png საქართველოს გეოგრაფია.png


ვ. ბ. საქართვ. ისტ. გეოგრაფიის, როგორც ისტ. დამხმარე დისციპლინის, ფუძემდებელიცაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავის ნაშრომში ხშირად მთლიანად საქართველოს და მისი შემადგენელი ცალკეული თემების ისტ. საზღვრების შესახებ საუბრობს, ანდა ისტ. წყაროებში დასახელებული უცნობი გეოგრ. ერთეულების (მთები, მდინარეები, ქალაქები, დაბები) მისე-ბურ ლოკალიზაციას ახდენს, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი თავის გეოგრ. აღწერილობას თანამიმდევრულად წარმართავს უძველესი ისტ.-გეოგრ. და ადმ. ერთეულების, “ხევების” მიხედვით, რ-თაგან ბევრი მის დროს რეალურად აღარც არსებობდა. თავის თხზულებაში ვ. ბ-მა პირველმა მიაქცია ყურადღება საქართვ. ისტ. თემთა მოსახლეობის ყოფითი კულტურისა და ზნე-ჩვეულებების სპეციფ. თავისებურებებს, ანუ საფუძველი ჩაუყარა ქართველების (და, საერთოდ, კავკ. მოსახლეობის) ეთნოგრ. შესწავლას. იგი ენციკლოპედიური ცოდნის მეცნიერი იყო, რ-მაც დაამკვიდრა საქართველოსა და მისი მოსახლ. შემს-წავლელი მთელი რიგი სამეცნ. დისციპლინები. ვ. ბ. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში. მისი საფლავის ქვა წარწერით უკანასკნელად 1929 უნახავს პოეტ-აკადემიკოს გ. ლეონიძეს, 1934 წლისათვის იგი უკვე დაკარგული იყო. XX ს. 80-იან წლებში ვ. ბ-ის საფლავის მიგნების მიზნით დონის მონასტერში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ძიებამ (ხელმძღვ. გ. ღამბაშიძე) შედეგი ვერ გამოიღო. ვ. ბ-ის სახელი ეწოდა გეოგრაფიის ინ-ტს, მწვერვალს სვანეთის კავკასიონზე და კარსტულ უფსკრულს ბერჭილის ქედზე. 1973 საქართვ. მინისტრთა საბჭომ დააწესა ვ. ბ-ის სახ. პრემია, 2010 კი ასეთივე პრემია დააწესა მეცნ. ეროვნ. აკადემიამ. 1997 ოქტომბერში იუნესკოს ეგიდით აღინიშნა მისი დაბადებიდან 300 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ვ. ბ-ის თხზულება “საქართველოს გეოგრაფია” და მაღალ პოლიგრ. დონეზე შესრულებული “საქართველოს ატლასი”. თხზ.: აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1997; საქართველოს ატლასი, თბ., 1997. ლიტ.: გაბაშვილი ვ., ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1969; ვახუშტი ბაგრატიონი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ფრ. სიხარულიძე, თბ., 1990; ვახუშტი ბაგრატიონი – გეოგრაფი, თბ., 1997; ვახუშტი ბაგრატიონი – ისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი, თბ., 1997; მათურელი ი., ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა, თბ., 1990; მარუაშვილი ლ., საქართველოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1956; მეტრეველი რ., ტატაშიძე ზ., ვახუშტი ბაგრატიონი – დიდი მეცნიერი და მამულიშვილი, თბ., 1997; ხარაძე კ., უებრო ბუმ-ბერაზი. ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 2013; ჯავახიშვილი ა., ვახუშტი ბაგრატიონი – გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, «ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის შრომები», 1947, ტ. 1; ჯა-ვახიშვილი ივ., ბატონიშვილი ვახუშტი, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977. დ. მუსხელიშვილი.