ვაჰანის ქვაბთა განგება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვაჰანის ქვაბთა განგება”, ვაჰანის ქვაბების მონასტრის (ისტ. ჯავახეთში) წესდება, ქართული საკორპორაციო სამართლის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. წესდება შედგენილია მონასტრის ახ. პატრონის, ერისთავთერისთავის მხარგრძელ-თმოგველის მიერ 1198–1234 შორის. ქრონოლოგიის ქვედა ზღვარი აღებულია ვანის ქვაბის მონასტრის ზღუდის სამშენებლო წარწერის მიხედვით, საიდანაც ჩანს, რომ ამ დროს მონასტერი ჯერ ისევ მეფის ხელშია, თუმცა მალევე თმოგველებს გადასცემს საგვარეულო მონასტრად. ზედა ზღვრად აღებულია მონღოლების შემოსევის თარიღი, რადგან მათ შესახებ წესდებაში არავითარი ცნობა არ არის. ძეგლი დამტკიცებულია ტექსტის ბოლოში ქართლის კათოლიკოს გიორგის ხელმოწერით. შემდეგში, მამის სიცოცხლეში, წესდების ტექსტი დაუმტკიცებია მხარგრძელის შვილს, სარგისს, რ-საც, მამის მსგავსად, ზოგიერთი კეფის პირი და ზურგი მოუნიშნავს ხელმოწერით. მამაშვილი ხელს აწერს მხედრულად, ხოლო კათოლიკოსი – გაკრული ნუსხა-ხუცურით. ძეგლი დაზიანებულია, მაგრამ დღეისათვის საქართველოში, სხვა ფრაგმენტული ტიპიკონებისაგან განსხვავებით, თითქმის ერთადერთი, მთლიანი სახით შემორჩენილი სამონასტრო შინაგანაწესია, ამიტომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამონასტრო ცხოვრების შესასწავლად. დაწერილია კალიგრაფიული სკოლის მიერ გამომუშავებული მსხვილი მრგვლოვანი, კლასიკური ხანის ნუსხურით. წარმოადგენს ხის ტაბიკზე (ყუბარზე) დახვეულ ეტრატის გრაგნილს, რ-იც ამჟამად ძაფით გადაკერებული 12 სხვადასხვა სიგრძე-სიგანის კეფისაგან შედგება (სიგრძე 5,62 , სიგანე 19–27 1/2 სმ-მდე); თავდაპირველად 15 კეფი უნდა ყოფილიყო, ამჟამად წესდებას დასაწყისი კეფები აკლია. დედანი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში (#933 Ad). ხელნაწერზე დართულია სხვადასხვა დროის 20 მინაწერი (#107); მათ შორის ყველაზე ადრინდელია მურვან ღარიბაიძის 1393 წლით დათარიღებული აღაპი. ეს მინაწერები – აღაპები – მნიშვნელოვანი წყაროა ჯავახეთის ეკონ. ისტორიისათვის და ისტ. გეოგრაფიისათვის, რადგან მონასტრისადმი შეწირული მამულების ჩამონათვალში დასახელებულია გვარ-სახელები, სოფლისა თუ ცალკეულ ადგილთა ტოპონიმები და მოსავლის სახეობანი. მონასტრის საერთო საცხოვრებელი რთული საკულტო-რელიგ. და სამეურნეო ცხოვრებით ხასიათდებოდა: მონაზონთათვის გათვალისწინებული იყო საცხოვრებელი სენაკები, სურსათ-სანოვაგე, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, ჭურჭელი; ეკლესიებში – წირვა–ლოცვა, პატრონთა და შემწირველთა სააღაპე მოხსენიება, მლოცველთა და სტუმართა მიღება, საზეიმო-სადღესასწაულო ცერემონიალი, ავადმყოფთა მკურნალობა, უძლურთა მოვლა-პატრონობა და სხვ. წესდებით თითოეულ მათგანს გარკვეული პირი განაგებდა. მათი უფლება-მოვალეობა თუ სამონაზვნო ცხოვრების წესი მტკიცედ არის ჩამოყალიბებული “ვ. ქ. გ-ში”. “ვ. ქ. გ-ით” მონასტერში მოღვაწეობდა 20 მონაზონი, 24 მღვდელი, 7 დიაკონი და 10 საერო პირი, რ-ებიც სამზარეულოსა და სახაბაზოში მსახურობდნენ. “ვ. ქ. გ-ში” იმდენი თანამდებობაა დასახელებული (წინამძღვარი, დეკანოზი, იკონომოსი, მემხრე, მწირველ-მკითხველი, მეჭურჭლე, მეტრაპეზე, კანდელაკი, იპიტირიტისი, მესნეულე, მეკარე და სხვ.), რომ, ჩანს, თითოეული მონაზონი გარკვეული საქმიანობით იყო დაკავებული. წესდებაში დადასტურებულია სოც. უთანაბრობის სურათი – ნახსენებია “უთავადესი ძმანი”, “მეორე დასისა” და “მესამე დასის” მონაზვნები. ძველად არსებული მონარქიული წესწყობილების მაგიერ გვხვდება რესპ. მართვა-გამგეობის ფორმები. წესდებაში მოცემულია საკორპორაციო სასა-მართლოს ორგანიზაცია და სასჯელთა სისტემა. “ვ. ქ. გ-ის” ვაჰანის ქვაბთა ანსამბლთან შედარებითი შესწავლით მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული; არქეოლ.-არქიტ. კვლევა-ძიებით მოპოვებულმა არქიტექტურულმა და ეპიგრაფიკულმა ძეგლებმა დაადასტურა წესდების ჩვენება იმის შესახებ, რომ თმოგველები ერისთავთერისთავები იყვნენ და XIII ს. ფლობდნენ ვანის ქვაბს, რაც მათი სამონასტრო-სამშ. მოღვაწეობით გამოიხატა (დარბაზული ეკლესია-ეკვდერი, ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო). “ვ. ქ. გ.” პირველად გამოსცა თ. ჟორდანიამ “ძეგლი” ანუ “განგება” ვაჰანის ქვაბთა მონასტრისა, რასაც დაურთო მინაწერების ნაწილი. მანვე გადაბეჭდა წესდების ნაწყვეტი თავის “ქრონიკების” II ტომში. ტექსტის მეორე კრიტ. გამოცემა ეკუთვნის ლ. მუსხელიშვილს. პუბლ.: ჟორდანია თ., ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა და “ძეგლი” ვაჰხანის ქვაბთა, ტფ., 1896; მისივე, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერ-ლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ვაჰანის ქვაბთა განგება (XIII ს.). ლ. მუსხელიშვილის გამოც., ტფ., 1939; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929 (თხზ. თორმეტ. ტომად, ტ. 7, თბ., 1984). გ. გაფრინდაშვილი.