ვედრებისა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვედრებისა, XVI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ეკლესია. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნასოფლარ თარაქის ზემოთ, ტყეში. მცირე ზომის გეგმით ჯვრის ფორმის ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობა ნაშენია ორი ფერის (ღია ვარდისფერი და ღია ყავისფერი) აგურითა და მონაცრისფრო-თეთრი სქელი დუღაბით. სამხრ-ისა და ჩრდ-ის მკლავები სწორკუთხაა, აღმ-ისა და დას-ისა – აფსიდიანი. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია აფრებზე ამოყვანილი, ოთხსარკმლიანი, შიგნიდან მრგვალი, გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელი კონუსისებური გადახურვით. ეკლესიის კორპუსი გარედან რვაწახნაგაა – ჯვრის მკლავებს შორის ნიშებია მოწყობილი. ოთხივე მკლავისა და გუმბათის ყელის კარნიზები გათლილი ფოროვანი შირიმის ქვისაა. აღმოსავლეთის ფასადზე (მთელ სიმაღლეზე) აგურის წყობით გამოყვანილია ისრული თაღით დაგვირგვინებული მცირე შეღრმავება, რ-შიც საკურთხევლის სარკმელია, მის ზემოთ კი ასევე შეღრმავებით გამოყვანილი, საფეხურებიან პოსტამენტზე დადგმული ჯვარია. შესასვლელი სამია – ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.