ვეინახები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეინახები, ვაინახები, კავკასიის უძველესი მკვიდრი (ავტოქტონური) მოსახლეობის – ჩაჩნების (“ნოხჩი”) და ინგუშების (“ღალიღაი”) საერთო სახელწოდება, ნიშნავს “ჩვენ ხალხს” (ტერმინები “ჩაჩანი” და “ინგუში” გვიანდელია და XVIII ს-მდე არ არსებობდა). ვ-ით დასახლებულ ტერიტორიას ჩრდ-იდან ესაზღვრება სტავროპოლის მხარე, აღმ-ით – დაღესტანი, სამხრ-ით – საქართველო, დას-ით – ოსეთი. საქართველოს ჩრდ. კავკ. ხალხებთან, კერძოდ ვ-თან, ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ამ ურთიერთობების სრულფასოვან შესწავლას აბრკოლებს საისტორიო წყაროთა სიმცირე. ქართულ-ვეინახური ურთიერთობის ერთ-ერთ უძველეს წერილობით წყაროდ უნდა ჩაითვალოს “ქართლის ცხოვრებაში” დაცული ლეონტი მროველისეული ცნობა: “ხოლო დურძუკ, რომელი უწარ-ჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, და უწოდა სახელი თვისი დურძუკეთი”. აქ დურძუკი სწორედ ვეინახის აღმნიშვნელი ტერმინია. ლეონტი მროველის ცნობით, ფარნავაზის მეუღლე დურძუკი იყო, რაც მის მემკვიდრეს საურმაგს დიდად დაეხმარა შიდა კონფლიქტის მოგვარებაში. საურმაგმა დურძუკების ნაწილი საქართვ. მთიანეთში დაასახლა. ქართ. წყაროებში ვ-ის წინაპრები დურძუკების, ღლიღვების, ქისტების სახელებით მოიხსენიებიან (ამჟამად ქისტებს საქართვ. ტერიტ. ნაწილის – პანკ-ისის ხეობის მოსახლეობას უწოდებენ). საქართველო ხევსურეთისა და თუშეთის მხრიდან უშუალოდ ემეზობლება ვ-ებს, რაც უძველესი დროიდანვე ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა მათ შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად. უმთავრესი მნიშვნელობა დარიალის გასასვლელს ენიჭებოდა, ამასთანავე არსებობდა ადგილობრივი მნიშვნელობის რამდენიმე სხვა კომუნიკაციაც თუშეთის მხრიდან. ვახუშტი ბატონიშვილის აზრით, დურძუკეთი კახეთის მეფე კვირიკე III-ის დროს კახეთის შემადგენლობაში შედიოდა. დავით აღმაშენებლის დროიდან ვ. საქართვ. ფეოდ. მონარქიის პოლიტ. გავლენის ქვეშ მოექცნენ, ხოლო თამარ მეფის დროიდან ეს ურთიერთობები ყმადნაფიცობის პრინციპებზე იყო და-ფუძნებული. საქართველო-ვ-ის ურთიერთობას ორმხრივი საფუძველი გააჩნდა – საქართველოსთვის ვ. საგარეო და საშინაო საფრთხის წინააღმდეგ ეფექტურ დამხმარე სამხ. ძალას წარ-მოადგენდნენ, ამასთანავე საქართველოს ინტერესებში შედიოდა კავკასიონის უღელტეხილებზე კონტროლის დაწესება, ხოლო ვ-ს საქართველოსთან ურთიერთობის გაფართოებას ეკონ. და პოლიტ. ინტერესები კარნახობდა. ვ-ში პოლიტ. გავლენის გაძლიერების მიზნით საქართველო ქრისტიანობის ფართოდ გავრცელების პოლიტიკას ატარებდა. ამით იყო განპირობებული ქართ. ტაძრებისა და ეკლესიების მასშტაბური მშენებლობა (მაგ.: თხაბა-ერდის ქართ. ტაძარი მდ. ასას ხეობაში და სხვ.). ტაძრებზე შემორჩენილია ქართ. წარწერები, აღმოჩენილია ქართ. ხელნაწერები, რაც ამ რეგიონში საქართველოს დიდ გავლენაზე მიუთითებს. ამ დროს ვ-ში ვრცელდება ქართ. დამწერლობა. მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ შესუსტდა ქვეყნის გავლენა ჩრდ. კავკასიაზე, თუმცა გიორგი ბრწყინვალის დროს პოლიტ. გავლენა ვ-ზე ნაწილობრივ აღდგა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მონღოლთა დაპყრობებმა გამოიწვია ვ-ის სამხრ-ით, საქართვ. მთიანეთში მიგრაციის დაწყება. XVIII–XIX სს-ში გრძელდებოდა ვ-ის საქართველოში გადმოსახლება: თავდაპირველად – ბაცბიელების, მოგვიანებით კი (პანკისის ხეობაში) – ქისტებისა. დროთა განმავლობაში მოხდა მათი კულტ. ასიმილაცია ქართ. მოსახლეობასთან. წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: გასვიანი გ., გასვიანი თ., ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები უძველესი დროიდან XX საუკუნემდე, თბ., 2006; ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. 1, თბ., 1968 (ავტორთა კოლექტივი: ზ. ანჩაბაძე, თ. ბოცვაძე, გ. თოგოშვილი, მ. ცინცაძე); ხანგოშვილი მ., ვაინახური საგმირო ეპოსი, თბ., 2006; Анчабадзе Г., Вайнахи (чеченцы и ингуши), Тб., 2001; Маргошвили Л. Ю., Культурно-этнические взаимоотношения между Грузией и Чечено-Ингушетией в XIX–нач. XX в. (Кисты Панкиси), Тб., 1990; Шавхелишвили А. И., Из истории горцев Восточной Грузии, Тб., 1983. ე. კოპალიანი.