ველისპირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველისპირი ეკლესია.png


ველისპირი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის სარკინეთის თემში (ქვემო ქართლის მხარე), გომარეთის პლატოზე. ზ. დ. 1320 , დმანისიდან 20 კმ. 64 მცხ. (2002). ვ. შესაძლოა ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიაში მოხსენიებული და რუკაზე დატანილი “თოფრაყალა” იყოს. “დასტურლამალის” მიხედვით, ზურტაკეტის თოფრაყალის გლეხებს, მეზობელ სოფლელებთან ერთად, შეწერილი ჰქონდათ საფერისცვალებო თევზის ჭერა. 1721 აღწერის მიხედვით, ამ სოფელში ითვლებოდა 2 მებატონე (ნოდარ და ავთანდილ სუფრაჯები) და 3 გამომღები ყმა. ამჟამად ვ-ში ქართველებთან ერთად ცხოვრობენ ბერძნები, რ-ებიც რუს. მთავრობამ 1830 გადმოასახლა გიუმიშხანედან (თურქეთი). მათ თან მოიტანეს იქაური სოფლის სახელი – ბულჰასან-ქეივან, რ-იც 1949 ვ-ით შეიცვალა. ვ-ში ორი ეკლესიაა, ორივე გვიან გადაკეთებული. პირველი (მოზრდილი) დარბაზული შენობაა, რ-საც გადაკეთების მიუხედავად, ერთგან მაინც შერჩენია ადრინდ. ფეოდ. ხანის კედლის წყობა – ნალისებრი თაღი და ასევე შემკული ლავგარდანები; სატრაპეზო ლოდზე გამოსახულია “ბოლნური მედალიონი”. მეორე ეკლესია ქედზეა, დას. კედელზე განახლების თარიღად მინიშნებულია 1888. სამხრ. სარკმელს განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ჩუქურთმიანი ქვა ამკობს. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ქართული სამართლის ძეგლები, ივ. სურგულაძის გამოც., თბ., 1970. ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნების დასახლების ისტორია საქართველოში, «ქუთაისის პედ. ინ-ტის შრომები», 1942, ტ. 4. დ. ბერძენიშვილი.