ველისციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველისციხე წმინდა გიორგის ეკლესია.png


ველისციხე, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, მდ. ჭერმისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, თელავი–ბაკურციხის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 380 მ, გურჯაანიდან 9 კმ, მუკუზნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ. 6,4 ათ. მცხ. (2002). სოფელში არის ველისციხის სახალხო თეატრი. ვ. წყაროებში პირველად იხსენიება V ს-ში, როგორც ერთ-ერთი ფორპოსტი ირანელთა აგრესიის წინააღმდეგ. იყო ჰერეთის პოლიტ. ცენტრი და მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე. მომდევნო საუკუნეებში დაკარგა ადრინდ. მნიშვნელობა. VIII ს. მიწურულში ვ. და მისი საგამგეო ერთეული უკვე კახეთის სამთავროს მიეკუთვნება. განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდისათვის იგი კარგავს თავის პოლიტ. მნიშვნელობას. ვ. შედიოდა ჭერემის ეპარქიაში, 1757-იდან – ალავერდის სამწყსოში. შუა სოფელში შემორჩენილია ციხე-დარბაზისა და VI ს. ღვთისმშობლის სამეკლესიიანი ბაზილიკის ნანგრევები. ბაზილიკას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ჰქონდა (შემორჩენილია ფრაგმენტები). ჯერ კიდევ XVII ს-ში იგი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. ჩანს XIX ს. გადაკეთების კვალიც. რიყის ქვით ნაგები ციხე-დარბაზი IX–X სს. განეკუთვნება. შემორჩენილია ოთხკუთხა გალავნის, სასახლისა და სხვ. ნაგებობათა ნაშთი. სასახლე ორსართულიანი იყო, ზედა სართულზე ასასვლელი კიბე გარედან იყო მოწყობილი, მეორე სართულის დიდი დარბაზის აღმ. კედელში 4 დიდი სარკმელი ყოფილა. სასახლეს ბევრი რამ აქვს საერთო ნეკრესის, ჭერემის, ვანთის, კვეტერისა და იმ ხანების სხვა სასახლეებთან. სასახლის ახლოს ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან დგას წმ. გიორგის ეკლესია, რ-იც სავარაუდოდ XVIII ს. ბოლო და XIX ს. დასაწყისს განეკუთვნება. ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. მ. ბალიაური. პ. ზაქარაია. დ. მუსხელიშვილი.