ველის დიდი ბაზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველის დიდი ბაზი.png


ველის დიდი ბაზი (Bombus fragrans), მწერი სიფრიფანაფრთიანთა რიგის ფუტკრების ოჯახისა, საზოგადოებრივად მცხოვრები. გავრცელებულია ევროპაში, დას. ციმბირის სამხრ. ნაწილში, უნგრეთში, მოლდოვაში, სამხრ. კავკასიაში და სხვ. საქართველოში უმთავრესად მის აღმ. ნაწილშია. ბუნებაში მისი რიცხობრიობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვ. დ. ბ-ის თავი, ფეხები და სხეული შავი ფერის ბუსუსებითაა შემოსილი. მკერდის წინა ნაწილი და მუცელი ყვითელია. ზურგზე, ფრთების საწყისებს შორის, შავი ბუსუსებიანი ვიწრო განივი საბმური აქვს. ოჯახი შედგება დედალი, მამალი და მუშა (უსქესო) მწერებისაგან. ფრენს გაზაფხულიდან შემოდგომამდე; ჯვარედინად ამტვერიანებს ძირითადად ველის ბიოცენოზების ყვავილოვან მცენარეებს, კერძოდ, ტუჩოსნებს, რთულყვავილოვნებს და პარკოსანთა ყვავილებს. ბინადრობს უმთავრესად მთისა და ბარის ველებზე. ბუდეს იკეთებს მიწაში, მღრღნელების მიერ მიტოვებულ სოროებში, დებს 5–10 კვერცხს. წელიწადში იძლევა 1 თაობას. სახეობა იკვებება და შთამომავლობასაც კვებავს ყვავილის მტვრით, ნექტრითა და იმ მცირე რაოდენობის თაფლით, რ-საც იგი იძლევა. სახეობის დაცვის მიზნით უნდა აიკრძალოს მათი ბუდეების მოშლა და პესტიციდების გამოყენება. სასურველია ველზე ნაკრძალებისა და მიკრონაკრძალების მოწყობა. ლიტ.: Схиртладзе И., Пчелиные Закавказья, Тб., 1981. ი. სხირტლაძე.