ველის კატა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველის კატა ხალიანი კატა.png


ველის კატა, ხალიანი კატა (Felis libyca caudata), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატების გვარისა. სხვა კატებთან შედარებით ტანად პატარაა, შინაური კატის ტოლი. სხეულის სიგრძე 60–70 სმ, კუდი 30–35 სმ, სიმაღლე მინდაოში 27–30 სმ, მასა 5 კგ აღწევს. აქვს დაბალი, ნაზი ბეწვი, მორუხო-ნაცრისფერ სხეულზე – შავი ხალები, კუდზე – შავი რგოლები, წვერში – შავი ფუნჯი. ყელსა და მუცელზე გასდევს თეთრი არშია, რ-იც კიდურებზე გადადის. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ კუნძულზე, სირიასა და პალესტინაში, არაბეთში, ერაყსა და ირანში, ავღანეთში, ინდოეთსა და ჩინეთში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში – კერძოდ, აზერბაიჯანში. საქართველოში ნაპოვნია ბორჯომთან, სოფელ გომნაში. ბინადრობს კულტ. ლანდშაფტის მოსაზღვრე ბუჩქნარ, ქვანაყარ ადგილებში. იკვებება მღრღნელებითა და ფრინველებით. მძუნაობს თებერვალ-მარტში. 63 დღის შემდეგ შობს 4–6 უსუსურ კნუტს. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მცირერიცხოვანია. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”.