ველიჩკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე [2 (14). VII. 1860, ქ. პრილუკი, პოლტავის გუბერნია, – 31. XII. 1903 (13. I. 1904), პეტერბურგი], უკრაინული წარმომავლობის რუსი მწერალი, პუბლიცისტი, გაზეთ “კავკაზის” რედაქტორი (1896–1899), მონარქისტი და რუს. თვითმპყრობელობის აპოლოგეტი. თავის ნაწერებში ხოტბას ასხამდა საქართველოს და კავკასიაში რუს. სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელ ბურჯს უწოდებდა, ხოლო სომხებს – არასაიმედო პარტნიორებს. ეწეოდა აქტ. ანტისომხურ პროპაგანდას; ამასთანავე, მიიჩნევდა, რომ ქართველებისთვის, როგორც რაინდულ ტრადიციებზე აღზრდილი მეომარი ხალხისათვის, მავნებელი იყო ევრ. კულტურა და განათლება. ვ-ს პუბლიცისტიკაში მკაფიოდ იკვეთება შოვინისტური და ანტისემიტური ტენდენციები. 1894 პეტერბურგში გამოსცა ორიგინ. და ნათარგმნი ლექსების კრებ. “აღმოსავლური მოტივები”, რ-შიც ქართვ. პოეტთა (ნ. ბარათაშვილი, გ. ერისთავი, ი. ჭავჭავაძე) თარგმანებიც შეიტანა (თარგმნა აგრეთვე ა. წერეთლის, გ. ვოლსკის და სხვ. ნაწარმოებები). ქართული თემატიკით მდიდარია პეტერბურგშივე გამოცემული ვ-ს პოეტური კრებ. “არაბესკები” (1904). ქართ. საზ-ბა, ხედავდა რა ვ-ში ქართ. კულტ. პოპულარიზატორს, ხაზგასმული პატივისცემითა და საგანგებო ნადიმით შეხვდა მის ჩამოსვლას თბილისში (1895), თუმცა მას მერე, რაც გამომჟღავნდა ვ-ს რუსიფიკატორული მიზნები, ქართვ. მოღვაწეთა უმეტესობა უარყოფითად განეწყო მის მიმართ (ვ-ს საქმიანობის უკიდურესად ნეგატიური შეფასებაა მოცემული ა. წერეთლის ლექსში – “ყიზილბაშური”). თხზ.: Полн. собр. соч., т. 1–2, СПб., 1904–05; Кавказ. Чëрная книга, М., 2003. ლიტ.: გოგებაშვილი ი., მოყვარე თუ მტერი? რჩ. თხზ. 5 ტომად, ტ. 3, თბ., 1990; ლასხიშვილი გ., მემუარები, თბ., 1992; ნოზაძე ც., ვ. ლ. ველიჩკოს წერილი გრ. ვოლსკისად-მი, კრ.: ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები, დ. გამეზარდაშვილის რედ., ტ. 3, თბ., 1974; პოეტის ველიჩკოს პატივსაცემლად გამართული ნადიმი, «ივერია», 1895, # 217; Апраксин П. Н., Бурнашев С. Н., Последние дни Величко, М., 1904; Воинство святого Георгия, წგ.: Жизнеописания русских монархистов начала ХХ века. Сост. и ред. А. Д. Степанов, А. А. Иванов, СПб., 2006; Нилус С. А., Близ есть при дверях, М.–СПб., 1999; Туманов Г.М., Характеристики и воспоминания, т. 2, Тфл., 1905. თ. ჯოლოგუა.