ველი, ისტორიული ციხესიმაგრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველი, ისტორიული ციხესიმაგრე და სოფელი სამხრეთ საქართველოში, ქვემო არტაანში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია 1921-იდან). სოფ. ვ. მდებარეობს არტაანის მტკვრის მარცხ. ნაპირზე, ერუშეთისწყლის შესართავის აღმ-ით 2,5 კმ-ზე. 1595 “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით სოფელში, რ-იც შევიდა დიდი არტაანის ლივაში, 30 კომლიღა ცხოვრობდა. არტაანის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ველელებმა შეინარჩუნეს ქრისტიანობა. 1737-იდან სოფლის მოსახლეობამ კათოლიკობაზე გადასვლა დაიწყო. 1829 რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ვ-ის მოსახლეობა აიყარა და გადასახლდა ახალქალაქის გარშემო მდებარე სოფლებში – ბავრაში, ხულგუმოსა და კარტიკამში. ვ-იდან წასული თურქულენოვანი ქართველები დასახლდნენ თრიალეთის სოფ. რეხაში. სოფლის დას-ით მდებარეობს ვ-ის ციხე. პირველად იხსენიება მესხურ მატიანეში 1578, როდესაც იგი საათაბაგოს სხვა ციხეებთან ერთად აიღო მუსტაფა ლალა ფაშამ (“ქაჯის ციხე, ველი და თეთრი ციხე წამუართუეს ურუმთა”...). 1902 ციხე მოინახულა და აღწერა ე. თაყაიშვილმა. ციხე იდგა მტკვრის მაღალ და კლდოვან ნაპირზე, ჰქონდა მრავალი კოშკი და მაღალი გალა-ვანი, რ-იც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია მცირე სამლოცველოს ნანგრევები და ეკლესია. ეკლესია აფსიდიანია. აგებულია სუფთად გათლილი მუქი წითელი ქვით, გადახურულია ქვის ფილებით (ლორფინებით). დას. სარკმელი შემკულია ორი კვეთილი ჯვრით, ხოლო აღმ. სარკმელი – თაღით, რ-ის ქვეშ ამოკვეთილ უთარიღო წარწერაში მოხსენიებულია ვინმე გუარამი. იგივე გუარამი იხსენიება ეკლესიის გვერდით აღმართულ რვაწახნაგა ბოძის წარწერაშიც. ე. თაყაიშვილის აზრით, ორივე წარწერა თანადროულია, ამიტომ ბოძის წარწერაში აღნიშნული თარიღი 954 თავისთავად ათარიღებს ეკლესიასაც, რასაც ძეგლის ხუროთმოძღვრული და მხატვრული სახეც ადასტურებს. ეკლესია მოხატული იყო. შემორჩენილი ფრაგმენ-ტების მიხედვით მხატვრობა მაღალ დონეზე იყო შესრულებული. საკურთხევლის მარჯვნივ გამოსახული იყო თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი, რ-იც გმირავს გველეშაპს. საკურთხევლის მარცხნივ, სავარაუდოდ, წმ. თევდორე ან წმ. დიმიტრია გამოსახული. საკურთხეველში კიდევ წმინდანთა 5 ფიგურაა. საკურთხევლის დას-ით გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის დარბაზია, რ-ის გადამხური კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. 1878 ვ. არტაანის მხარესთან ერთად რუს. იმპერიის შემადგენლობაში მოექცა და ახალშექმნილი ყარსის ოლქის არტაანის (არდაჰანის) ოკრუგში შევიდა. წყარო და ლიტ.: ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარა-შიძის გამოც., თბ., 1961; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958; Беридзе В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории Грузинской архитектуры, Тб., 1981; Христианские памятники. Экскурсия Е. Такайшвили, «Материалы по археологии Кавказа», 1902, вып. 12. ა. თორდია. დ. ხოშტარია.