ვენეროლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენეროლოგია (ლათ. Venus, ნათ. ბრ. Veneris – ვენერა, ძვ. რომაელების სიყვარულის ქალღმერთი და ბერძნ. logos – სიტყვა, მოძღვრება), დარგი, რ-იც შეისწავლის ვენერულ დაა-ვადებებს, მათ ეტიოლოგიას, კლინიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. ვენერული დაავადებები ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რ-ებიც გაერთიანებული არიან დაავადების გადადების საერთო, ძირითადად სქესობრივი გზის მიხედვით. თანამედროვე ვენეროლოგია, კლასიკური ვენერული დაავადებების გარდა (სიფილისი, გონორეა, შანკროიდი, საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი), მოიცავს სქესობრივი გზით გადამდებ 20-ზე მეტ ინფექციას: უროგენიტალური ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმოზი, უროგენიტალური კანდიდოზი, გენიტალური ჰერპესი, აივ-ინფექცია, B-ჰეპატიტი და სხვ. ამიტომ ტერმინ ვენერული დაავადებების ნაცვლად უფრო ხშირად იხმარება – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ვ. დაკავშირებულია მედიცინის სხვა დარგებთან, ესენია: მეანობა-გინეკოლოგია, დერმატოლოგია, თერაპია, უროლოგია, ნევროპათოლოგია, ფსიქიატრია, ინფექციური დაავადებები, პედიატრია და სხვ. ვენერული დაავადებები შეისწავლება კლინ., სტატისტ., ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური, ჰისტოლოგიური, იმუნობიოლოგიური მეთოდებით. უძველესი დროიდან იკვლევდნენ იმ დაავადებებს, რ-თაც შემდგომ ვენერული ეწოდათ. ისინი აღწერილია ძვ. ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს (V–IV სს. ძვ. წ.), რომაელი მეცნიერ-ენციკლოპედისტის ა. კ. ცელსუსის (I ს. ძვ. წ. – I ს. ახ. წ.), რომაელი ექიმის გალენოსის (II ს.) და სხვათა მიერ. დამოუკიდებელ დარგად ვ. XV ს. ბოლოს ჩამოყალიბდა, მაშინ, როდესაც ქრისტეფორე კოლუმბის მეზღვაურების ამერიკიდან დაბრუნებას მოჰყვა ევროპაში ათაშანგის პანდემია. პარაცელსუსმა (1529) პირველმა აღწერა თანდაყოლილი სიფილისი. ჟ. ასტრიუკმა გამოსცა ტრაქტატი "De morbis veneris" (1736), რ-შიც დაიბეჭდა იმ დროისათვის გამოქვეყნებული ყველა შრომა სიფილისზე. ბელმა პირველმა აღწერა მაგარი შანკრი. დ. გიუნტერმა (1786) მკვეთრად განაცალკევა რბილი და მაგარი შანკრი. გერმანელმა დერმატოლოგ-ვენეროლოგმა ა. ნაისერმა (1879) აღმოაჩინა და აღწერა გონორეის გამომწვევი გონოკოკი, ხოლო ე. ბუმმა (1885) გამოყო გონოკოკის სუფთა კულტურა. 1905 გერმანელმა მეცნიერებმა ფ. შაუ-დინმა და ე. ჰოფმანმა მიაგნეს სიფილისის გამომწვევ სპიროქეტას, ხოლო 1906 გერმანელმა მეცნიერმა ა. ვასერმანმა ათაშანგის სადიაგნოსტიკო სეროლოგიური რეაქცია შემოიღო. 1909 პ. ერლიხმა და ს. ჰატამ შექმნეს ათაშანგის სამკურნალო პრეპარატი – სალვარსანი. ფრანგმა ექიმებმა მ. დიურანმა, ი. ნიკოლამ და მ. ფავრმა 1913 ნოზოლოგიურად გამოყვეს საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი ანუ მეოთხე ვენერული დაავადება და სხვ. XX ს. 30-იან წლებში ვენერულ დაავადებათა სამკურნალოდ დაიწყეს სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენება, ხოლო 1944-იდან ათაშანგის სამკურნალოდ პენიცილინი დაინერგა. საქართველოში პრაქტიკული და მეცნ. ვ-ის განვითარება დაიწყო 1920, თბილ. სახელმწ. უნ-ტთან კანისა და ვენსნეულებათა კათედრის შექმნიდან. მანამდე საქართველოში იყო ერთადერთი ვენდაწესებულება – თბილ. სიფილისის საავადმყოფო ქალთათვის. 1922 ჩამოყალიბდა ვენსექცია, რ-საც რესპუბლიკაში ვენდაავადებებთან ბრძოლის ორგანი-ზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა დაევალა. 1925 თბილისში გაიხსნა პირველი ვენეროლოგიური დისპანსერი. 1928 საქართველოში იყო 12 ვენდისპანსერი, 80-საწოლიანი 2 ვენსტაციონარი (თბილისსა და ქუთაისში). 1928 თბილისში ჩატარდა საქართვ. ვენეროლოგთა I კონფერენცია, სადაც გადაწყდა ვენეროლოგიური ცენტრის შექმნის აუცილებლობა. იმავე წელს თბილისში დაარსდა საჩვენებელი ვენდისპანსერი, წლის ბოლოს კი მას კანისა და ვენერულ სნეულებათა ინ-ტის სტატუსი მიენიჭა. 1934 ჩატარდა ვენეროლოგთა II რესპ. კონფერენცია. 1935 შეიქმნა კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. აგრეთვე თბილ. ექიმთა დახელოვნების კათედრა. 1934–48 წლებში არსებობდა სტომატოლოგიური ინ-ტი, მასთან 1937-იდან არსებობდა კანისა და ვენსნეულებათა კათედრა (სამედ. ინ-ტთან გაერთიანებამდე). 2006 ექიმთა დიპლომისშემდგომი ინ-ტი (ყოფილი ექიმთა დახელოვნების ინ-ტი) შეუერთდა თსსუ-ს. 2011 გაერთიანდა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი და ქ. თბილისის II დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერი, რ-საც 2012-იდან ეწოდა შპს “კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი”. საქართველოში მეცნ. და პრაქტ. ვ-ის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით: მ. ბერიძეს, პ. ბუაჩიძეს, ა. დიასამიძეს, ი. თოფურიძეს, ვ. იაშვილს, ვ. კოტარიას, ს. მაჭავარიანს, გ. მგელაძეს, დ. საყვარელიძეს, ლ. ფირცხალავას, პ. ფოჩხუას, გ. ფხალაძეს, ლ. შეწირულს, ი. შველიძეს, ვ. ჩოხელს, რ. ჩუბინიძეს, მ. ჩხიკვიშვილს, ა. ცინცაძეს, დ. ჭოჭუას და სხვ. ლიტ.: ბუაჩიძე პ., კანისა და ვენდაავადებები, თბ., 1963; საყვარელიძე დ., კანისა და ვენერული დაავადებები, თბ., 1994; ფხალაძე გ., ვენერული დაავადებები. სიფილისი, თბ., 1969; შველიძე ი., კანისა და ვენდაავადებები, თბ., 1964. ც. ლეონიძე.