ვერდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯ. ვერდი.png


ვერდი (Verdi) ჯუზეპე (10. X. 1813, რონკოლე, პარმის პროვინცია, – 27. I. 1901, მილანი), იტალიელი კომპოზიტორი, საოპერო ხელოვნების რეფორმატორი. 7 წლიდან სწავლობდა ორგანის დაკვრას. 12 წლისა ეკლესიის ორგანისტი იყო. მისი პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 განეკუთვნება. 1833 ვ. ქალაქის სასულე ორკესტრს დირიჟორობდა, 1836 ფილარმონიული საზ-ბის ხელმძღვანელი იყო ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა მისი პირველი ოპერა “ობერტო, გრაფი ბონიფაჩო”, რ-იც საზ-ბამ გულთბილად მიიღო. 1840 ოპერა “მეფე ერთი საათით ანუ ცრუ სტანი-სლავის” წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვ-მ ზედიზედ დაწერა 2 ოპერა – “ნაბუკო” (“ნაბუქოდონოსორი”, 1841; დაიდგა 1842) და “ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში” (1842; დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქციით “იერუსალიმი”, 1847). 1842–49 დაწერა 13 ოპერა, მ. შ. “ერნანი” (1844), “ატილა” (1846), “მაკბეთი” (1847), “ლუიზა მილერი” (1849). ვ-ს პატრ. განწყობილებებმა გამოხატულება პოვა 1848 დაწერილ ჰიმნში “იჟღერე, საყვირო” (გ. მამელის ტექსტზე). ვ-ს მსოფლიო სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა “რიგოლეტომ” (1851, ვ. ჰიუგოს დრამის – “ხელმწიფე ერთობა” – მიხედვით). “ტრუბადურმა” (1852), “ტრავიატამ” [1853, დიუმას (შვილის) დრამის – “ქალი კამელიებით” – მიხედვით]. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით 50–60-იან წლებში შექმნილ ოპერებში ვ-მ კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართა [“სიცილიური მწუხრი” (1854; დაიდგა 1855), “სიმონ ბოკანეგრა” (1857, მე-2 რედ. 1881), “ბალ-მასკარადი” (1859)]. 1862 პეტერბ. მარიამის თეატრის დაკვეთით დაწერა ოპერა “ბედისწერის ძალა” (მე-2 რედ. 1869). ოპერის დადგ-მასთან დაკავშირებით ვ. ორჯერ ეწვია რუსეთს (1861, 1862). 1866 პარიზის თეატრ “გრანდ ოპერისათვის” დაწერა ოპერა “დონ კარლოსი” (დაიდგა 1867), 1870 – იტალ. საოპერო ხელოვნ. ერთ-ერთი მშვენება, ოპერა “აიდა” (დაიდგა 1871, კაირო), რ-შიც აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრ. ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმსა და დრამატიზმთან. იტალ. მწერლის ა. მანძონის ხსოვნის აღსანიშნავად ვ-მ შექმნა “რეკვიემი” (1874), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნ. შედევრი და ფსიქოლ.-მუს. დრამის ბრწყინვალე ნიმუშია ოპერა “ოტელო” (1886; დაიდგა 1887). ვ-ს უკანასკნელი ოპერა “ფალსტაფი”, გონებამახვილური და კომიკური, იტალ. ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია (უ. შექსპირის კომედიის “უინძორელი მხიარული ქალების” მიხედვით, 1892; დაიდგა 1893). ვ-ს ოპერების პოპულარობა მთელ მსოფლიოში განაპირობა მათმა იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანისტურმა სულმა, იტალ. ეროვნ.-დემოკრ. კულტურასთან კავშირმა. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მ. შ. “ერის ჰიმნი” (1862), სას. ნაწარმოებები, “რეკვიემი” (1874), „Te Deum“ (1896), „Stabat Mater“ (1897), სიმებიანი კვარტეტი (1873), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვ. თბილ. საოპერო თეატრის რეპერტუარის ძირითად ფონდს მისი დაარსებიდანვე (1851) ვ-ის ოპერები შეადგენდა. თეატრის პირველსავე სეზონში დაიდგა მისი ოპერა “ერნანი”, ხოლო შემდგომ (იტალ. პრემიერების 2–3 წლის შემდეგ) ოპერატიულად იდგმებოდა ვ-ს ყოველი ახლად შექმნილი ოპერა (თბილისში ვ-ის 26 ოპერიდან დღემდე დაიდგა 19). თითქმის ყველა სეზონზე იდგმე-ბოდა “ტრავიატა”, “რიგოლეტო” და “აიდა” – ცნობილი ოპერებიდან არ დადგმულა მხოლოდ “ფალსტაფი”. თბილისში არაერთხელ შესრულდა ვ-ს “რეკვიემი”. მის ოპერებს შესანიშნავად წარ-მოადგენდნენ ქართვ. დირიჟორებისა და მომღერლების ყველა თაობის წარმომადგენლები. ვ-ს ოპერები არაერთხელ დადგეს აგრეთვე ბათუმის საოპერო თეატრში (1921–26 და 1993-იდან; 1995 დაიდგა “აიდა”, 1997 – “ოტელო”), 1994 თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრმა იტალიაში გასტროლების დროს ვ-ს მშობლიურ ქ. ბუსეტოში წარმატებით წარმოადგინა ოპერა “ოტელო” (დირიჟორი ჯ. კახიძე, ოტელო – ზ. სოტკილავა). 1961-იდან ბუსეტოში იმართება ვოკალისტთა საერთაშ. კონკურსი “ვერდის ხმები”. ამ კონკურსის ლაურეატია ქართვ. მომღერალი პ. ბურჭულაძე (1982, II პრემია, პირველი არავისთვის მიუნიჭებიათ). ლიტ.: დრუსკინი მ., საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია, თბ., 1975; ტორაძე გ., ბრძენთა ღიმილი (ვერდის “ფალსტაფის” შესახებ), «საბჭოთა ხელოვნება», 1967, #5; Орджоникидзе Г. Ш., Оперы Верди на сюжеты Шекспира, М., 1967. გ. ტორაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვერდი&oldid=9492-დან“