ვერე მდინარე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერე, მდინარე თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. სათავეს იღებს დიდგორის მთის (ვერის დიდგორი) კალთებზე. მტკვრის მარჯვენა შენაკადი (ერთვის თბილისის ფარგლებში). სიგრძე 34 კმ, აუზის ფართ. 200 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მთავარი შენაკადებია: მარცხენა – ლასტისციხისხევი, ვენახებისხევი, სუდოსხევი, იფნარისხევი, ცხენიჭამიახევი, წმინდა წყალი; მარჯვენა – კვესეთისწყალი, ბეთანიისხევი, უძოსხევი, ვარაზისხევი. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. ვ-ის ხეობა ღრმად არის ჩაჭრილი ზედაეოცენურ თაბაშირიან თიხებსა და ქვიშაქვებში. ქვემოწელში ქმნის მეანდრებს, ღორღით, ხრეშითა და სილით აგებულ ნარიყებს, რ-ებიც წყალდიდობისას წყლით იფარება. საშ. წლ. ხარჯი 0,97 მ3/წმ. შუა- და ქვემოწელში იყენებენ სარწყავად. ვ-ის მარჯვ. მხარეს მდებარეობს ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ბეთანია. შესართავის მახლობლად გაშენებულია ნ. დუმბაძის სახ. საბავშვო ქალაქი “მზიური” და ზოოლ. პარკი. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ვ-ს სკვირეთადაც მოიხსენიებს: “ხოლო კოჟრის ჩდილოთ კერძ არს სკვირეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩდილოდ კერძ შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი. და Hეობა ესე დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი”. თ. კიკილაშვილი. ე. ლოლუა.