ვერის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერის ციხე.png

ვერის ციხე, აზრატის ციხე, ბერეს ციხე (ივ. ჯავახიშვილის ცნობით), მდებარეობს მდ. ტანის ხეობაში, მდ. ვერის ნაპირას, ძნელად მისადგომ ქედზე. ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს (აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით). ნაგებობა თარიღდება IX–X სს-ით. X ს. მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთერ-ისთავების – ბაღვაშების ხელში გადავიდა. XI ს. დამდეგიდან შუახანებამდე ვ. ც-ის მიდამოები საქართვ. სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 ზაფხულში შაჰ-თამაზმა ვ. ც. აიღო და გზა გაიხსნა ატენის ციხისაკენ, სადაც ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იმყოფებოდნენ. XVII–XVIII სს. ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 ვ. ც-ში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური – ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანყებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვ. ც. აიღო და გაანადგურა. ციხე გეგმით წაგრძელებულია (სიგრძე 44,6 , სიგანე აღმ-ით 14,8 , დას-ით 6 ), ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა დაზიანებულია. ფერდობებზე შემორჩენილია 4–5 სიმაღლის კედლები. ციხის აღმ. და დას. მხარეები მთავრდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკებით. აღმ. კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ კონტური, დას-ის კოშკი გეგმით უსწორო ელიფსურია. ქვედა სართული ცილინდრული კამარით გადახურული გრძელი სათავსია, რ-იც ციხის ეზოს განიერი თაღოვანი კამარით უკავშირდება. ციხის ეზოში, გალავნის სამხრ. კედელთან, დიდი წყალსაცავია. ლიტ.: მაკალათია ს., ატენის ხეობა, თბ., 1957; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. ზ. ცინცაძე.