ვერონის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერონის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლები სოფ. ვერონის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1950 სოფლის ერთ-ერთ ყანაში აღმოჩნდა დანგრეული ქვის სამარხი, რ-შიც იყო გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის ე. წ. კახური ტიპის ბრინჯაოს მახვილი (ძვ. წ. XII ს. II ნახ. – X ს.). 1974 კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური) სადაზვერვო გათხრები ჩაატარა სოფლის დასაწყისში. გომბორი–ვერონის გზის მარცხ. მხარეს გამოვლინდა 3 ქვაყრილიანი ორმოსამარხი, მათში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს რგოლები და საკინძეები (მ. შ. ერთი ადამიანის ფიგურა ვედრების პოზაში) და სხვ. არქეოლ. მასალა ძვ. წ. VIII–VI სს. განეკუთვნება. ციხის ტერიტორიაზე 1965 გამოვლინდა დაზიანებული სამარხი, მასში აღმოჩნდა სარდიონის მძივები (XII–XIV სს.). მასალა ინახება დუშეთის არქეოლ. საცავში, თელავის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმსა და გომბორის საშ. სკოლაში. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ლომთათიძე გ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში, თბ., 1989; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964; ფანცხავა ლ., მაისურაძე ბ., სამი სამარხი სოფ. ვერონიდან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1982, ტ. 36 B; ჯორბენაძე ბ., გოგოთური გ., გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მასალები ივრის ხეობიდან, თბ., 1992. ბ. მაისურაძე. ბ. ჯორბენაძე.