ვერტაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერტაში (სამერცხლე კლდე), უდაბნო, კლდეში ნაკვეთი ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 35 კმ-ზე, მდ. მტკვრის ხეობის ზემოწელში. შედგება კლდეში გამოკვეთილი ეკლესიისა და ეკლესიის სარკმლის დონეზე განლაგებული მონაზონთა სამყოფი თითო ჩამოშლილი ქვაბებისაგან, სადაც მხოლოდ მთამსვლელური ტექ. დახმარებით შეიძლება შეღწევა. ქვაბთა კომპლ. მეუდაბნოეობების ეპოქის VI–VIII სს. ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, ხოლო ეკლესია VIII ს-ით თარიღდება. ეკლესია გრძელი, ვიწრო და მაღალი პროპორციების დარბაზული ტიპის ნაგებობაა, აღმ-ით ნალისებრი ფორმის საკურთხევლის აფსიდი აქვს. შიგნით საკურთხევლის ჩრდ. და სამხრ. კედლებში თითო ნახევარწრიული ნიშია გამოკვეთილი: დას. კედელში გაჭრილი სარკმელი მტკვრის ხეობას გადაჰყურებს. ინტერიერში საბჯენი შეისრული თაღები მარტივ კრონშტაინებზეა დაყრდნობილი. დეკორ. ელემენტთაგან აღსანიშნავია კარიბჭის ცენტრში წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი და ჩაჭრილსაპირიანი თაღები. ეკლესია სამალავის დანიშნულებასაც ასრულებდა. მისი კარიბ-ჭიდან გამოკვეთილია ჰორიზ. დაბალი გვირაბი, რ-იც ეკლესიის დას. ნაწილის იატაკში ამოდის. გვირაბი კარიბჭეში ქუსლიანი ქვის კარით იხურებოდა, ხოლო ეკლესიაში – კლდის 2 დიდი ლოდით, რ-ებიც ეკლესიის გამოკვეთის პროცესშივეა დამზადებული. გ. გაფრინდაშვილი.