ვერხვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერხვი პირამიდული.png


ვერხვი (Populus), ფოთოლმცვივანი ორსახლიანი ხეების გვარი ტირიფისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე არის 30–45, ზოგჯერ 60 , სიგანე – 1–1,5 (იშვიათად 3 -საც აღწევს). ვ. ფართო ან პირამიდულვარჯიანი ხეა. ყვავილები ცილინდრულ მჭადა ყვავილედებად არის შეკრებილი. ყვავის ადრე გაზაფხულზე ფოთლების გაშლამდე ან ფოთლების გამოტანისთანავე. ხშირად ერთსა და იმავე ხეს სხვადასხვა ტოტზე სხვადასხვა ფორმის ფოთოლი გამოაქვს. ნაყოფი კოლოფია. ვ. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყრით, ფესვის ნაბარტყითა და კალმებით. გვარში 30 სახეობაზე მეტია. გავრცელებულია დედამიწის მხოლოდ ჩრდ. ნახევარსფეროში, ძირითადად ზომიერ სარტყელში; სახეობათა დიდი ნაწილი – მთელ ევროპაში, აზიაში, ჩრდ. ამერიკასა და აფრიკის ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 7 სახეობა, მ. შ. ოფი, თეთრი ხვალო და მთრთოლავი ვ. (P. tremula) ფართოდაა გავრცელებული მთელ ქვეყანაში. ინტროდუცირებულ სახეობათაგან მოშენებულია კანადური, პირამიდული და ბალზმური ვ. იგი მრავალ სპონტანურ ჰიბრიდს იძლევა, ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი გამოყოფს ვ-ის 100-ზე მეტ სახეობას. ვ. ძირითადად იზრდება მდინარეთა გაყოლებით, ხევებსა და ტყისპირებზე, მეტწილად მთის ქვედა და შუა სარტყელში. ყველა სახეობა (მეტადრე ფართოვარჯიანი) სინათლისმოყვარულია, უმრავ-ლესობა – ტენისა და სითბოსი, ვერ იტანს დაჭაობებას. ზოგიერთი სახეობა, მაგ., ტურანგი (P. euphratica), იზრდება დამლაშებულ ნიადაგზეც, ზოგიერთი კი ყინვაგამძლეა (ხვალო, მთრ-თოლავი ვ.). ვ. სწრაფმზარდია. ტენიან, დრენირებულ ნიადაგზე ვ-ის კორომი 80–90 წლის განმავლობაში ჰა-ზე 500–700 3 მერქანს იძლევა. მერქანი თეთრი, მსუბუქი და რბილია, იყენებენ ქაღალდის, ასანთისა და საფანერო წარმოებაში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. ქერქისა და კვირტების ნახარშს ხალხ. მედიცინაში იყენებენ. არსებობს ვ-ის მაღალი წარმადობის მრავალი ბუნებრივი და ხელოვნური ჰიბრიდი. გ. ვაჩნაძე.