ვესკონტე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვესკონტე (Vesconte) პიეტრო, XIV ს. ვენეციელი კარტოგრაფი, ითვლება ამ დარგის ერთ-ერთ პირველ პროფესიონალად. ვ-ს ეკუთვნის როგორც პორტოლანები (საზღვაო რუკები), ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რუკები. 1320 შავი ზღვის პორტოლანზე ვ. საქართვ. სანაპიროსთან ათავსებს ორ დროშას. სებასტოპოლისთან (სოხუმთან) დატანილ დროშაზე გამოსახულია ერთი დიდი ჯვარი, ხოლო ოთხ მინდორში მოთავსებულია ოთხი შავი წერტილი. ფაზისთან (ფოთთან) აღმართულია მეორე, ერთჯვრიანი დროშა. შესაძლოა ვ. აქ დას. და აღმ. საქართველოს სამეფოების დროშებს გვთავაზობდეს. ვ-ს 1320 მსოფლიოს რუკაზე შავი ზღვა, ისევე როგორც ხმელთაშუა ზღვის სივრცე, ლამის თანამედროვე სიზუსტით არის დატანილი. კასპიის ზღვა პირველად პტოლემაიოსის შემდეგ, მსოფლიო ოკეანეს აღარ უკავშირდება. “რკინის კარიბჭე”- დერბენდი და კასპიის მთები ვ-სთან კორექტულადაა მოთავსებული შავ და კასპიის ზღვებს შორის. გოგისა და მაგოგის ხალხები ვ-მ უკიდურეს აღმოსავლეთში, ოკეანესთან გადაანაცვლა. შავ და კასპიის ზღვებს შორის გაირჩევა სამი წარწერა: ორჯერ – Georgia, ერთხელ – Colcia. არ არის გამორიცხული, ვ-ს ორი საქართველო და ერთი კოლხეთი აღნიშნავდეს დას. საქართველოს, აღმ. საქართველოს და სამცხეს. ვ-ს რუკაზე კოლხეთის აღნიშვნის ფაქტი იძლევა კიდევ ერთ საბუთს, რომ ანტ. კოლხები დასავლეთევროპელებისათვის უშუალოდ შუა საუკუნეების ქართველებთან ასოცირდებოდნენ. ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004; A l m a g i a R., Monumenta cartographica Vaticana, t. 1, 1944; Portulane, Seekarten vom 13. bis zum 17. Jahrhundert, hrsg. von Monique de la Roncière und Michel Mollat du Jourdin, Münch., 1984. ა. თვარაძე.