ვეტერინარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეტერინარია (ლათ. ვეტერინარიუს – საქონლის მომვლელი, მკურნალი), ვეტერინარული მედიცინა, მეცნიერებათა სისტემა, რ-იც შეისწავლის ცხოველთა დაავადებებს, მათი თავიდან აცილებისა და მკურნალობის მეთოდებს, ცხოველთა პროდუქტიულობის გადიდების საკითხებს, შეიმუშავებს ადამიანის დაცვის ღონისძიებებს ცხოველისა და ადამიანის საერთო დაავადებებისაგან. ცნობები ცხოველთა დაავადებისა და მკურნალობის შესახებ ძვ. წ. IV ათასწლეულს განეკუთვნება. ძვ. საბერძნეთში ცხოველებს მკურნალობდნენ ე. წ. ჰიპიატრები (hippos – ცხენი და latros – ექიმი). პირველად ტერმ. “ვეტერინარია”, იხმარა რომაელმა აგრონომმა და მეცნ. კოლუმელამ (ახ. წ. I ს.). 1761 ფრანგმა კ. ბურჟელამ დააარსა პირველი უმაღლესი ვეტ. სკოლა. 1807 კოპენჰაგენში შეიქმნა პირველი ვეტ. საზ-ბა, 1863 ქ. ჰამბურგში (გერმანია) ჩატარდა პირველი საერთაშ. ვეტ. კონგრესი. 1808–83 პეტერბურგში ფუნქციონირებდა სამედ.-ქირურგ. აკადემიის ვეტგანყოფილება. რუს. ვ-ს აღიარება მოუ-პოვა ი. კაიდანოვის (1779–1855), ვ. ვსევოლოდოვის (1790–1867), ხ. გელმანის (1846–1902), კ. სკრიაბინის (1878–1972) და სხვათა შრომებმა. XIX ს. ბოლოს და XX ს. და-საწყისში სავეტერინარო დაწესებულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 1977 გამოუშვეს 150-ზე მეტი დასახელების ვაქცინა (69), ჰიპერიმუნური შრატი და გლობულინი (16). სსრკ-ში ვეტსამსახურს ხელმძღვანელობდა სოფ. მეურნ. სამინისტრო. დასავლეთის ქვეყნებში ვეტსაქმის ორგანიზაციას 3 ფორმა ჰქონდა: სახელმწიფო და კერძო ვეტმომსახურება და დაზღვევის ვეტსაქმე. მსოფლიოს მეცნიერები გაერთიანებული იყვნენ საერთაშ. ვეტასოციაციაში. საქართველოში კარაბადინის სახით შემორჩენილ ქართ. ხელნაწერებში, რ-ებიც ძირითად XVII–XIX სს. განეკუთვნება, აღწერილია ცხოველთა სხვადასხვა დაავადება, მათი მკურნალობის მეთოდები და საშუალებები. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოვლენილი და აღწერილია ცხოველის სამკურნალო 47 ქართ. ხელნაწერი წიგნი, რ-თაგან 35 ეხება ცხენის დაავადებათა მკურნალობას. ერთ წიგნში (ფრაგმენტებში) ძაღლის მოშენება, დაგეშვა და მკურნალობაა აღწერილი, 9 ხელნაწერში – ფრინველის მოშენება და დაავადების მკურნალობის საკითხები. 2 ხელნაწერი ვეტრეცეპტურაა: ვახტანგ VI-მ, ბაგრატ ბატონიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა და სხვ. დიდი წვლილი შეიტანეს ცხოველის სამკურნ. ხელნაწერი წიგ-ნების შედგენასა და გავრცელებაში. 1818 ბაგრატ ბატონიშვილმა (ბაგრატიონი) პეტერბურგში, კერძო სტამბაში, საკუთარი სახსრებით გამოსცა თავისივე გადმოკეთებული (ქართულად) და შეკრებილი წიგნი “სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა”. ეს იყო პირველი ქართ. ვეტ. წიგნი. XIX ს. 60-იან წლებში საქართველოში დაარსდა პირველი ვეტსამკურნალო დაწესებულება და დაიწყო ბრძოლა ეპიზოოტიებთან. 1877 საქართველოში მუშაობდა 4 ვეტექიმი და 20 ვეტ-ფერშალი. 1899-მდე ვ. ექვემდებარებოდა კავკ. სამოქალაქო უწყების სამედ. ნაწილის სამმართველოს, 1899 შეიქმნა კავკ. სამოქალაქო უწყების ვეტნაწილის სამმართველო. 1907 თბილისში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი ვეტლაბორატორია, რ-მაც საქართველოში გამოავლინა მსხვილფეხა საქონლის პასტერელოზი. 1913 აქვე მომზადდა ჯილეხის (ციმბირული წყლული) საწინააღმდეგო ცენკოვსკის ვაქცინა. 1907–17 თბილისში არსებობდა “ამიერკავკასიის ვეტერინარული საზოგადოება”, რ-მაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვ-ის განვითარებაში. 1913 საქართველოში უკვე არსებობდა 5 ვეტსამკურნალო და 31 ვეტამბულატორია, სადაც მუშაობდა 104 ვეტექიმი და 155 ვეტფერშალი. 1918 მ. ფარცვანიძის ინიციატივით ქუთაისში დაარსდა მსხვილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო სადგური, რ-იც 1919 სოფ. ტაბახმელაში გადმოიტანეს. შემდეგ შეიქმნა საკავშ. დაქვემდებარების საქართვ. ბიოკომბინატი. იგი ამ-ზადებდა თურქულის, ემფიზემური კარბუნკულის (ემკარის), ცოფის ფენოლალურ და კულტურალურ, ფრინველთა ჭირის, ლარინგოტრაქეიტის, სალმონელოზის ვაქცინებს, პულორულ ანტიგენს, პასტერელოზის საწინააღმდეგო შრატს. 1919 კ. ფარეიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ქართ. ვეტ. საფერშლო სკოლა. 1928 თბილისში გაიხსნა სავეტერინარო ტექნიკუმი, 1929 – სახელმწ. სამეცნიერო ექსპერ. ვეტ. ინ-ტი; 1932 დაარსდა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი, 1959 – საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ-ტი, რ-იც ზოოინჟინრებს და ვეტექიმებს ამზადებდა. 1968 თბილისში შეიქმნა ვეტსანიტარიის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართველოს საყრდენი პუნქტი, რ-იც გადაკეთდა ამიერკავკ. განყ-ბად; მოგვიანებით კი შეუერთდა საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. სისტემას. აღნიშნულ დაწესებულებაში იკვლევდნენ საქონლისა და ფრინველის ბინების აეროზოლური დეზინფექციის, ზოოჰიგიენის, რძის სანიტარიის, მიკოლოგიის საკითხებს. რესპ. მეცხოველეობას სერიოზულ ეკონ. ზარალს აყენებდა სას.-სამ. ცხოველთა ინფექციურ-ინვაზიური და არაგადამდები დაავადებანი, რ-თაგან ზოგი ლიკვიდირებულ იქნა, ზოგიც – მკვეთრად შემცირებული (იხ. დაავადებები სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა). XX ს. ბოლოსა და XXI ს. დასაწყისში ვ. საგრძნობლად განვითარდა. 2002 საქართველოში იყო 639 ვეტდაწესებულება, სოფ. მეურნ. და სურსათის სამინისტროს ვეტდეპარტამენტი მასზე დაქვემდებარებული ვეტსამსახურებით – აფხ. და აჭარის ვეტდეპარტამენტები შესაბამისი სტრუქტურებით, მხარეებში – ვეტ. ინსპექციები, ვეტდიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ეროვნ. ცენტრი, ვეტექსპედიცია, თბილ. ვეტ. გაერთიანება შესაბამისი სტრუქტურებით, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის ვეტსამმართველოები შესაბამისი სტრუქტურებით, სასაზღვრო-სატრანსპ. ვეტსანიტა-რიული ზედამხედველობის სამმართველო მასში შემავალი სასაზღვრო-სატრანსპ. 26 ვეტუბნით და სასაზღვრო-საკონტროლო 10 ვეტუბნით, 65 სავეტერინარო სადგური, 391 ვეტუბანი, 58 ვეტსანიტ. ექსპერტიზის ლაბორატორია, 32 სანიტ. ვეტლაბორატორია, 1 ვეტსანიტარიული სადგური; სახელმწ. ვეტ. ქსელში 2203 ვეტექიმი და 363 ვეტფერშალი მუშაობდა. საქართველოში იყო კომერციული სტრუქტურების შ.პ.ს. “ვეტბიოფარმის” და ვეტ. კორპორაციის “ვიტ-ჯორჯიას” სისტემებში შემავალი ვეტაფთიაქების ფართო ქსელი, ასევე კერძო საკუთრების აფთიაქები (1921-მდე საქართველოში სავეტერინარო აფთიაქი მხოლოდ თბილისში იყო). ვ-ის დარგში მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს სას.-სამ. ცხოველთა, ფრინველთა და ფუტკრის სხვადასხვა ინფექციური, ინვაზიური დაავადებანი. მათი აღმძვრელების ბიოლოგია, დაავადებათა გადამტანები, დაავადებათა ეპიზოოტოლოგია, პათოგენეზი, დამუშავებულია და სისტემატურად უმჯობესდება მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და საშუ-ალებები. შესწავლილია აგრეთვე სას.-სამ. ცხოველთა ანატომიის, ჰისტოლოგიის, ფიზიოლოგიის, პათოფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, პათანატომიის, ქირურგიის, ფარმაკოლოგიის, ტოქსიკოლოგიის სას.-სამ. ცხოველთა შინაგან არაგადამდებ და გინეკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და თერაპიის, ზოოჰიგიენის, ეპიზოოტოლოგიის, ვეტეკონომიკისა და ვ-ის ისტ. საკითხები. საქართველოში ყოველწლიურად მიმდინარეობდა სას.-სამ. ცხოველთა დიაგნოსტიკური გამოკვლევა, პროფილაქტიკური აცრა, დეჰელმინთიზაცია, სამკურნ. პროფილაქტიკური დამუშავება, მეცხოველეობის პროდუქტებისა და საკვების ექსპერტიზა, ვეტსპეციალისტები იბრძოდნენ მეცხოველეობის ფერმების ვეტსანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახორციელებდნენ მო-საზღვრე ქვეყნებიდან ცხოველთა დაავადებების შემოტანის საწინააღმდეგო საკარანტინო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, ეწეოდნენ მოსახლეობაში ვეტ. მეცნ. ცოდნის პროპაგანდას. საქართველოში ვეტდაწესებულებათა დაარსებაში სამეცნ.-კვლ. მუშაობის ორგანიზაციასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით: შ. არაგვისპირელს, დ. ახმეტელს, გ. ბედენაშვილს, პ. ბურჯანაძეს, გ. გოდერძიშვილს, ი. კვაჭაძეს, ი. კვესიტაძეს, ლ. ლეონიძეს, ი. მათიკაშვილს, ვ. მამათელაშვილს, მ. ნათიძეს, ჯ. ნაჭყეპიას, ი. სადათერაშვილს, კ. ფარეიშვილს, მ. ფარცვანიძეს, თ. ყურაშვილს, ვ. შამათავას, შ. ჩხარტიშვილს და სხვ. 2005 წ. დეკემბერში მიღებულ იქნა კანონი “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სურსათის უვნებლობის, ვეტ. და მცენარეთა დაცვის სამსახური (ახლანდ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნ. სააგენტო), რასაც მოჰყვა ვეტ. რეფორმა. შედეგად ძირეულად შეიცვალა ადრე არსებული ვეტ. დეპარტამენტის სტრუქტურა. ვეტ. მომსახურება ძირითადად გახდა ფასიანი, ცხოველთა დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა ტარდება ცხოველის მეპატრონის ხარჯით. ლიტ.: ყურაშვილი თ., კერესელიძე მ., ვეტერინარია, თბ., 2013; Капанадзе К. С., К истории ветеринарии в Грузии, Тб., 1960; მისივე, Развитие ветеринарии в Грузии за годы Советской власти, Тб., 1965. კ. კაპანაძე. თ. ყურაშვილი.