ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია, დაარსდა 1962 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან. 1985-იდან შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის შემადგენლობაში იყო. ამზადებს “ვეფხისტყაოსნის” აკად. გამოცემას 10 ტომად – მასში შევა ძირითადი და ჩანართ-დანართი სტროფების ტექსტი ვარიანტებით, ტექსტოლ. შენიშვნებით, კომენტარებითა და სიმფონია-ლექსიკონით. მთავარმა რედაქციამ 1984 დაამთავრა პოემის ტექსტის დადგენა. ტექსტი 1988 დაიბეჭდა მასობრივ გამოცემად (ჩანართ-დანართი სტროფებისა და სამეცნ. აპარატის გარეშე, თანამედროვე ორთოგრაფიით). კომისიას აქვს ქართ. ლექსიკის ამსახველი მდიდარი კარტოთეკა (5 მლნ-ზე მეტი ბარათი). გამოცემულ წიგნთაგან აღსანიშნავია: შოთა რუსთაველი, “ვეფხისტყაოსანი” (რედ. გ. წერეთელი და ი. აბაშიძე; 1966); ს. ცაიშვილი, “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის ისტორია (ტ. 1, 1970); გ. წერეთელი, “მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში” (1973). 1985-მდე კომისიის თავ-რე იყო ი. აბაშიძე; 1985–92 – ს. ცაიშვილი; 1992–94 – ა. ბარამიძე. მთ. რედაქტორები: გ. წერეთელი (1962–73), ა. ბარამიძე (1973–94). 1997–2006 კომისიას ხელმძღვანელობდა თ. გამყრელიძე. 2006-იდან საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიასთან არსებობს აკად. გ. წერეთლის სახ. “ვეფხისტყაოსნის” აკად. გამოცემისა და “ქართული ენის თესაურუსის” კომიტეტი (“რუსთაველის კომიტეტი”, თავ-რე თ. გამყრელიძე). მუშაობა მიმდინარეობს “ქართული ენის თესაურუსის” (ქართული ენის დოკუმენტირებული ლექსიკონი) ელექტრონულ ვერსიაზე. გ. კარტოზია.