ვექილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვექილი (არაბ. ვაქილ), რწმუნებული, მეურვე, მზრუნველი ფეოდალურ საქართველოში. XVII–XVIII სს-ში ტერმინი “ვ.” ხშირად იხმარებოდა მოხელის აღსანიშნავად. სამეფო კარის მოხელეების საერთო სახელწოდება იყო “ვექილ-ვეზირები”. ვ. ეწოდებოდა ირანის მოხელეს, რ-იც ქართლ-კახეთის სამეფოში საფინანსო ფუნქციებს ასრულებდა. ვ. იყო აგრეთვე ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენელი ვასალურ სახანოებში (ერევნის ვ., განჯის ვ.). შემოსავალ-გასავლის მოსაქმეს “ვექილ-ხარჯი” ერქვა. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, “ვაქილი” არის “თანამოსარჩლე სამსჯავროსა შინა ფასითა”, ძვ. ქართ. წყაროებში ადვოკატობის ინ-ტი, ვ-ების კორპორაცია, დამოწმებული არ არის. ვექილობის ანუ, როგორც დავით ბატონიშვილი უწოდებს, “მონაცვლე კაცის” ინ-ტი საქართველოში წარმოიქმნა XIX ს-ში. რუსეთთან შეერთების შემდეგ ტერმინი “ვ.” ადვოკატის მნიშვნელობითაც იხმარება. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 5, თბ., 1971; როგავა ა., ადვოკატთა ინსტიტუტის შესახებ ძველ საქართველოში, «საბჭოთა სამართალი», 1958, #4; სურგულაძე ი., ვექილობის ინსტიტუტის შესახებ “ვეფხისტყაოსანში”, იქვე, 1966, # 5; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7). ი. სურგულაძე.