ვეშაპელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეშაპელი (ნამდვ. გვარი – ვეშაპიძე) გრიგოლ გიორგის ძე (1892, სოფ. საირხე, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 1926, პარიზი), პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი. 1910 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, დაენიშნა “კავკასიის ოლქის სახაზინო სტიპენდია” და სწავლა განაგრძო მოსკ. უნ-ტის ისტორია-ფილოლ. ფაკ-ტზე, რ-იც დაამთავრა 1916. შემდეგ სწავლობდა იმავე უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე (სწავლა არ დაუმთავრებია). გიმნაზიასა და უნ-ტში სწავლის დროს თანამშრომლობდა საქართვ. და მოსკ. გაზეთებთან. სტუდენტობისას მოსკ. ქართველთა სათვისტომოს გამგეობისა და ქართ. კოლონიის კულტ. და სამეცნ. საზ-ბის წევრი იყო. უნ-ტში სწავლის დროს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის ერთი წლით გარიცხეს. ვ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1917–18 რედაქტორობდა გაზ. “საქართველოს”. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის დამფუძნებელ-მა კონფერენციამ (1917) ვ. აირჩია პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილ. ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრ. კომიტეტის წევრი. საქართვ. ეროვნ. ყრილობაზე (1917 ნოემბერი) ვ. აირჩიეს ეროვნ. საბჭოსა და მისი აღმასრ. კომიტეტის წევრად, საბჭოს თავ-რის ამხანაგად (მოადგილედ). იყო ამიერკავკ. სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ეროვნ. საბჭოს წარ-მომადგენელი, დარჩა თურქეთში ენვერ-ფაშასთან მოსალაპარაკებლად. ეროვნ. საბჭოს საქართვ. პარლამენტად გარდაქმნის შემდეგ იყო მისი ეროვნ.-დემოკრ. ფრაქციის თავ-რე. 1919 სექტ. ვ. აირჩიეს საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრ. პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავ-რედ. 1918–20 ვ. იყო გაზ. “კლდის” (1919 გაზ. “სალი კლდის”, “პიტალო კლდის” სახელით გამოდიოდა), 1920 გაზ. “ნაციონალისტის”, ხოლო 1920–21 – გაზ. “მიწის” რედაქტორი. 1920 სხვებთან ერთად შექმნა საქართვ. მესაკუთრეთა ეროვნ. პარტია. საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართვ. დამ-ფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში, სადაც განაცხადა, რომ “იყო ომი და დამარცხება არა საქართველოსი რუსეთის მიერ, არამედ მენშევიზმისა ბოლშევიზმის მიერ”. აქედან წავიდა ემიგრაციაში საზღვარგარეთ, სადაც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, შემდეგ განუდგა ქართ. ემიგრაციას და საბჭ. ხელისუფლების პლატფორმაზე დადგა; სურდა საბჭ. საქართველოში დაბრუნება. 1924 პარიზში გამოსცა გაზ. “ახალი საქართველო”. ქართულმა ემიგრაციამ იგი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა. ვ. მოკლა ქართველმა ემიგრანტმა – ა. მერაბიშვილმა. დაკრძალეს პარიზის მონპარნასის სასაფლაოზე. მოგვიანებით საბჭ. საქართვ. მთავრობამ მისი ნეშტი საქართველოში გადმო-ასვენა და დაკრძალეს დიდუბის სასაფლაოზე. 1937 წელს, დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთების შემდეგ, იგი ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს. თხზ.: საქართველო და რუსეთი. რუსეთისა და საქართველოს ტრაქტატი 1783 წლის და ქართლ-კახეთისა, იმერეთისა, გურიისა და სამეგრელოს საკავშირო ხელშეკრულება 1790, ტფ., 1918; სიტყვები, ნათქვამი პარლამენტში (ეროვნულ საბჭოში), ტფ., 1918; ახალი საქართველო. წერილების კრებული (1914–1925), ტფ., 1928. უ. სიდამონიძე.