ვეძათხევა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეძათხევა (ყოფ. ვეძა, უნაგაძე), სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ერწოს ქვაბულში, მდ. აძეძის (ივრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1040 , თიანეთიდან 30 კმ. 154 მცხ. (2002). სოფლის სახელწოდება მომდინარეობს მჟავე, მინერ. წყლიდან (იხ. “ვეძა”). როგორც ჩანს, ადრე შუა საუკუნეებიდანვე სოფლის ტერიტ., თანამედროვე ნაქალაქარის თემში შემავალ სხვა სოფლებთან ერთად, უფრო ვრცელ სამოსახლო არეალს ქმნიდა, რ-იც “საძმორეს” (ძმარი, მჟავეწყლიანი ადგილი) სახელით იყო ცნობილი. ზოგიერთ ისტ. საბუთში სოფლის ტერიტ. სავეძოდაც იწოდება. იოანე ბაგრატიონის “ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერაში” ვ-ის სახელწოდების სოფელი არა ჩანს, სამაგიეროდ დასახელებულია მჟავე, ტუტე წყლიდან ნაწარმოები სახელწოდება – ტუტალა, რ-იც გვიანდ. შუა საუკუნეებში ვ-ის სახელს უნდა ფარავდეს. სოფლის ისტორია განუყრელია ერწო-თიანეთის მხარის ისტორიასთან. მისი ტერიტ. უძველესი დროიდანვე ადამიანთა აქტ. სამოსახლოს წარმოადგენდა. სოფლის ჩრდ-ით მდებარე მარიამწმინ-დისა და ლომისის ეკლესიები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ტერიტ. სხვა დასახლებებთან (საყდრიონი, ბეწენწურები, ქვემო და ზემო ნაქალაქარი, დორეულები და სხვ.) ერთად ქრისტ. რელიგ. და კულტ. გავრცელების ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ამ რეგიონში. მართლაც, როგორც ცნობილია, IV ს-ში წმ. ნინო “გადავიდა ერწოს და ჟალეთში დადგა დაბასა ედემს და ნათელ სცა ერწო-თიანეთელთა”. ამ ნათელღების პირველი მიმღები კი სწორედ ზემოაღნიშნული მხარე უნდა ყოფილიყო. ამასთან, ვ-ის მნიშვნელოვან სამიმოსვლო გზაზე მდებარეობა თავი-დანვე აქტიურად რთავდა მას ქვეყნის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ცხოვრებაში. ვ. თავდაპირველად კახეთის სამთავროში, ხოლო ერთიანი ქართ. მონარქიის მოშლის შემდეგ (XVI–XVIII სს.) კახეთის სამეფოში შედიოდა და უფრო სვეტიცხოვლის მონასტრის კუთვნილ სოფლად განიხილებოდა. იგი “სრულიად მისი შენობით სვეტიცხოვლის სამკვიდრო მამული იყო”. მისი მფლობელობა თავდაპირველად ალექსანდრე I-მა დიდმა (1434), ხოლო შემდეგ ლევანმა და ალექსანდრე კახთა მეფეებმა (1537 და 1579) განუახლეს სვეტიცხოველს. XVII ს. II ნახ-იდან კი სოფლის ტერიტ. მნიშვნელოვანი ნაწილი სახასო საკუთრებად განიხილებოდა და მის მართვას სამეფო კარი თავისი მოხელის მეშვეობით ახორციელებდა. გვიანდ. შუა საუკუნეების სამხ.-ტერიტ. დაყოფით ვ. რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსოსა და სადროშოში შედიოდა, საქართველოს რუსეთთან მიერთების შემდეგ კი – თიანეთის მაზრაში. შაჰ-აბასისა და სხვა დამპყრობთა დამარბეველი შემოსევების შედეგად სოფელი მოსახლეობისაგან დაიცალა, ამიტომ XVIII–XIX სს-ში შესამჩნევია ქართვ. მთიელთა მიგრაციის პროცესი. ვ-ში ჯერ კიდევ XIX ს. I ნახევარში სახლობდნენ ფშავლები (მათურიშვილი, ხინჩილაშვილი, ღრუბელაშვილი); მათი ჩამოსახლება XIX ს. II ნახევარშიც გრძელდებოდა. სოფლის მახლობლად შემორჩენილია შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. ჩრდ-ით, ხევის მარჯვ. ნაპირზე, მდებარეობს პატარა ერთნავიანი ეკლესია “ადგილისდედა”, რ-ისგანაც შემორ-ჩენილია აფსიდი ჩრდ. და სამხრ. კედლების ნაწილით. ეკლესიას გარს არტყია გალავანი. სოფლის ჩრდ-ით, ზეგანზე, მარიამწმინდის ერთნავიანი ეკლესიაა, რ-საც აღმ-ით პატარა, ოდნავ ბრტყელი აფსიდი აქვს. ეკლესია შელესილია, სახურავი – ჩანგრეული. შესასვლელი სამხრ-იდან ჰქონდა. სამხრ-იდანვე აქვს მინაშენი (დანგრეულია). მის მახლობლად ზეგანზე დგას რიყის სხვადსხვა ზომის ქვითა და დუღაბით ნაგები დარბაზული ეკლესია ლომისა. მას გარს ერტყა წრიული მოხაზულობის გალავანი. წყარო: იოანე ბაგრატიონი, აღწერა ქართლ-კახეთის სამეფოსი, თბ., 1986; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.1, თბ., 1955; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედ., ტ. 3, თბ., 1970. ლიტ.: ბედოშვილი გ., ერწო-თიანეთის ტოპონიმია, თბ., 1980; თოფჩიშვილი რ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII–XX სს., თბ., 1984; რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, #1; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯორბენაძე ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, კრ. 4 – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982. კ. კახაძე. რ. რამიშვილი. ბ. ჯორბენაძე.