ვეჯინის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეჯინის ციხე.png


ვეჯინის ციხე, ვეჟინის ციხე, X–XI სს. ციხე კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინის მახლობლად. პირველად იხსენიება X ს. დასაწყისში (იხ. ვეჯინის შეთანხმება). ვ. ც. თავდაპირველად ჰერეთის, შემდეგ კახეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრი იყო. XI ს. 80-იან წლებში, კახეთში თურქებთან ერთად ლაშქრობის დროს, მეფე გიორგი II-მ სცადა ვ. ც-ის აღება, მაგრამ უშედეგოდ. დავითის ისტორიკოსის სიტყვებით, გიორგი არ დაელოდა ვ. ც-ის აღებას, თოვლის მოსვლისას აჯამეთის ტყეში სანადიროდ წავიდა, შემდეგ დას. საქართველოში გადავიდა და ქვეყანა თურქებს მოსაოხრებლად დაუტოვა. ვეჯინის X–XI სს. ციხესიმაგრე აღმართულია მაღალ გორაკზე, ნაგებია რიყის ქვით. დროთა განმავლობაში ბევრჯერ გადაუკეთებიათ, საფუძვლიანად კი – XVIII ს-ში. ციხის შიგნით რამდენიმე ეკლესია და სხვა ნაგებობაა. აღსანიშნავია ამაღლების, აღდგომის და წმ. მარიამის ეკლესიები. ყოველი მათგანი რამდენჯერმეა გადაკეთებული. უცვლელად დგას მხო-ლოდ XV–XVI სს. ორსართულიანი სამრეკლო. ციხის ქვემოთ, გზის პირას, აღმართულია ყველაწმინდის ეკლესია. თავდაპირველად აქ რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რ-იც XVII ს. დასაწყისში აგურით ნაშენ ცენტრ.-გუმბათოვან ნაგებობად გადაუკეთებიათ. პ. ზაქარაია. დ. მუსხელიშვილი.

ვეჯინის ციხე ყველაწმინდის ეკლესია.png